2021 წელს გამოცდებისა და შეფასების ცენტრი სპეციალურ პირობას 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეუქმნის. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.
სოფიო გორგოძემ პირდაპირ ეთერში პასუხი გასცა იმ აბიტურიენტის შესახებ დასმულ კითხვასაც, რომელიც სმენასთან დაკავშირებული პრობლემის გამო უცხოური ენის მოსმენის დავალების წერითი დავალებით ჩანაცვლებას ითხოვდა.
„სამწუხაროდ, მსოფლიოში ცნობილი ვერცერთი საგამოცდო ცენტრი ვერ შესთავაზებდა მას წერის დავალების ქულის დაწერას მოსმენის დავალებაში. ეს არსად ხდება. ჩვენ უკვე შევთავაზეთ მას ყველა შესაძლო ვარიანტი: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); საკუთარი სმენის აპარატის შეტანა და ისე მოსმენა; დინამიკთან ახლოს ჯდომა ან კომბინირება, როგორც წამკითხველის, ასევე სმენის აპარატის. პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ფიქრობდა, რომ მისთვის არცერთი შეთავაზება არ იყო ხელსაყრელი, თუმცა ჩვენ მასთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, უკვე ორჯერ შევხვდით და ვფიქრობთ, რომ მან გადაწყვიტა ერთ-ერთი ვარიანტი აირჩიოს და ეს სცადოს. უკვე გავავარჯიშეთ კიდევაც.
წელს 300-ზე მეტ გამოსაცდელს ვუქმნით სპეციფიკურ გარემოს. მაგალითად, მხედველობადაქვეითებულ აბიტურიენტებს ბრაილის შრიფტით ვუბეჭდავთ, ასევე სპეციალური ხმოვანი პროგრამა იწერება მათთვის. დროს ვუმატებთ, შრიფტს ვუზრდით, გარემო შეიძლება შევცვალოთ – ცალკე ოთახში შეიძლება დავსვათ… ასე რომ, ეს პრაქტიკა არსებობს და წელს ვფიქრობ – უფრო დახვეწილი, ვიდრე შარშან“, – აცხადებს სოფო გორგოძე.
აბიტურიენტმა, ტერეზა გალსტიანმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი გამოცდიდან მოსასმენი დავალების ამოღების თხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რადგან ის სმენის დაზიანების მქონეა და გამოცდაზე სპეციალური გარემო ესაჭიროება.
მაშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსასმენ დავალებებს კვლავ დატოვებენ და აბიტურიენტს გამოცდაზე დავალების შესრულების სამი ალტერნატივა შესთავაზეს: დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ ჯდომა, რათა მან წაუკითხოს ტექსტი. თუმცა გალსტიანი ამბობდა, რომ არცერთი შემოთავაზებული მეთოდი არ იყო მისთვის ხელსაყრელი.
აბიტურიენტმა „პუბლიკასთან“ განაცხადა, რომ რადგან ცენტრში განუმარტეს, რომ სხვა ალტერნატივას ვერ შესთავაზებენ, მოუწია ერთ-ერთ შემოთავაზებულ მეთოდზე დათანხმება, კერძოდ, დამხმარე ადამიანის წინ დაჯდომა და მის მიერ ტექსტის წაკითხვა.