„მოსასმენ დავალებას არ ამოიღებენ, მომიწია დათანხმება“ - როგორ ჩააბარებს გამოცდას სმენის დაზიანების მქონე აბიტურიენტი

პუბლიკა

აბიტურიენტმა, ტერეზა გალსტიანმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი გამოცდიდან მოსასმენი დავალების ამოღების თხოვნით რამდენიმე კვირის წინ მიმართა, რადგან ის სმენის დაზიანების მქონეა და გამოცდაზე სპეციალური გარემო ესაჭიროება.

მაშინ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსასმენ დავალებებს კვლავ დატოვებენ და აბიტურიენტს გამოცდაზე დავალების შესრულების სამი ალტერნატივა შესთავაზეს: დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ ჯდომა, რათა მან წაუკითხოს ტექსტი. თუმცა გალსტიანი ამბობდა, რომ არცერთი შემოთავაზებული მეთოდი არ იყო მისთვის ხელსაყრელი.

აბიტურიენტმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ რადგან ცენტრში განუმარტეს, რომ სხვა ალტერნატივას ვერ შესთავაზებენ, მოუწია ერთ-ერთ შემოთავაზებულ მეთოდზე დათანხმება, კერძოდ, დამხმარე ადამიანის წინ დაჯდომა და მის მიერ ტექსტის წაკითხვა. 

„28 მაისს ვიყავი ცენტრში მისული. ვისაუბრეთ, განვიხილეთ ჩემი შემთხვევა და გარდა ადრინდელი შემოთავაზებებისა, სხვა ალტერნატივას ვერ შემომთავაზებენ, რადგან კანონი ამის უფლებას არ აძლევთ. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ დამიტოვეს და ნების საწინააღმდეგოდ მომიწია დათანხმება მეთოდზე: ადამიანის წინ ჯდომა და მის მიერ ტექსტის წაკითხვა ჩემთვის 2-ჯერ. გასულ პარასკევს და დღეს ვიყავი ისევ მისული ცენტრში, რათა ამ მეთოდში წამევარჯიშებინა (თავად შემომთავაზეს ვარჯიში). ასევე, იმის გამო, რომ თვეზე ნაკლები დრო დარჩა გამოცდებამდე, საქმეს ვეღარ ვაგრძელებ და ამის გამოც ვთანხმდები. თუმცა, გამოცდების მერე, ისევ დავიწყებ მოქმედებას, რადგან, ჩემ გარდა, კიდევ ასობით ადამიანია, ვისი უფლებებიც ირღვევა და მსურს, რომ მათ მაინც მოუწიოთ თანაბარ და სამართლიან გარემოში გამოცდების წერა“, – უთხრა „პუბლიკას“ აბიტურიენტმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 24 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ,  ცენტრი უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე სთავაზობს მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ ალტერნატივებს: 1. წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); 2. ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას; 3. ყურსასმენის გამოყენებას; 4. საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას; 5. დროის გახანგრძლივებას.

„ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, ამ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით. კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ. რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს (მის მიერ გამოგზავნილი ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად)“.

ტერეზა გალსტიანის პრობლემის შესწავლაში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო. 25 მაისს, აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ აღნიშნული პრობლემა უკავშირდება „გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმას“, რაც ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა, საჭიროებენ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს, თუმცა ამ შემთხვევაში აბიტურიენტს უარი ეთქვა მისი საჭიროების მიხედვით გარემოს მორგებაზე.

ქეთი შუბაშვილი ამბობს, რომ გასულ ზაფხულში ამავე პრობლემით (სმენის დარღვევა) ომბუდსმენის აპარატის კიდევ სხვა სამმა აბიტურიენტმა მიმართა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გაატარა, მაგრამ ამ აბიტურიენტებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.