სმენის დაზიანების მქონე აბიტურიენტი საგამოცდო ტესტიდან მოსასმენი დავალების ამოღებას ითხოვს

პუბლიკა

აბიტურიენტმა, ტერეზა გალსტიანმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ერთ-ერთი გამოცდიდან მოსასმენი დავალების ამოღების თხოვნით მიმართა, რადგან ის სმენის დაზიანების მქონეა და გამოცდაზე სპეციალური გარემო ესაჭიროება.

„წელს გავდივარ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. სტანდარტულად, სამ საგანს ვაბარებ. გამომდინარე იქიდან, რომ ვარ შშმ პირი, კერძოდ, სმენის დაზიანების მქონე, რეგისტრაციის დროს მივუთითე სპეცსაჭიროება და განცხადებაც დავწერე, სადაც სულ სამი მოთხოვნა მქონდა: ცალკე ოთახში გამოცდების წერა, დროის მომატება და ყველაზე მნიშვნელოვანი – უცხო ენაში მოსასმენი დავალებების გაუქმება და წერითი სავარჯიშოებით ჩანაცვლება, რადგან ფიზიკურად მოსმენის უნარი წლებია აღარ შემწევს“, – წერს გალსტიანი სოციალურ ქსელში.

როგორც გალსტიანი წერს, საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა, რომ მოსასმენ დავალებებს კვლავ დატოვებენ და სთავაზობს სამ ალტერნატივას: დინამიკთან ახლოს ჯდომას, ყურსასმენებით მოსმენას ან დამხმარე ადამიანის წინ ჯდომას, რათა მან წაუკითხოს ტექსტი. თუმცა მისთვის არცერთი არ არის ხელსაყრელი, „ნებისმიერ შემთხვევაში, გარტყმით უნდა ვწერო და 18 ქულა უაზროდ ეკიდება სასწორზე; ან სწორად გავარტყამ რამდენიმეს, ან დავემშვიდობები ამ ქულას და შესაბამისად, გრანტისთვისაც მომიწევს ხელის დაქნევა“.

„გამოცდების ეროვნული ცენტრი გვპასუხობს, რომ მოსასმენის გაუქმებით, გამოცდა აზრს კარგავს, რადგან ამით ამოწმებენ მოსმენილის გააზრების უნარს. თუმცა, იმას ვერ ხვდებიან, რომ თუ ადამიანს კარგად არ ესმის, ამ დროს მოსასმენს საერთოდ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ამის გარდა, ისიც თქვეს, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი, რა შეიძლება, შემომთავაზონ გაუქმების სანაცვლოდ.

ვინც მიცნობს და ერთხელ მაინც ჰქონია ჩემთან შეხება, იცის, რომ ნამდვილად მიჭირს ადამიანის საუბრის გარჩევა და ძირითადად წერა უწევს, რომ დიალოგი შედგეს ჩვენ შორის. არავინ არსებობს ქვეყნად, ვისაც ჩემზე უფრო მეტად გაუხარდებოდა, რომ კარგი სმენა მქონოდა, ან მინიმუმ, მისი აღდგენა ყოფილიყო შესაძლებელი. არ მეხალისება ასე ცხოვრება და რთული პერიოდებიც მაქვს, როცა ხმამაღლა ვამბობ, რომ დავიღალე და მინდა ჩვეულებრივი სმენით ვცხოვრობდე“, – წერს გალსტიანი.

ის ფიქრობს, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი უსამართლოდ მოექცა. წერს, რომ შშმ პირებს არაჯანსაღ გარემოში უწევთ ცხოვრება და ამის გამო ხშირ შემთხვევაში, განათლების მიღებაზეც უარს ამბობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ტერეზა გალსტიანის პრობლემის შესწავლაში სახალხო დამცველის აპარატიც ჩაერთო. აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ აღნიშნული პრობლემა უკავშირდება „გონივრულ მისადაგებაზე უარის თქმას“, რაც ნიშნავს, რომ აბიტურიენტებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობა, საჭიროებენ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მათ საჭიროებებზე მორგებულ გარემოს, თუმცა ამ შემთხვევაში აბიტურიენტს უარი ეთქვა მისი საჭიროების მიხედვით გარემოს მორგებაზე.

„უფრო მეტიც, შესაძლოა აბიტურიენტებს მსგავსი შეზღუდვაც ჰქონდეთ, მაგალითად, ორ აბიტურიენტს ჰქონდეს სმენის პრობლემა, მაგრამ გარემოს მორგება და მისადაგება მათ შესაძლოა სხვადასხვაგვარი ესაჭიროებოდეთ, ანუ ინდივიდუალურად. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია აბიტურიენტებთან კომუნიკაცია და არა, ვთქვათ, ზოგადი ღონისძიების გატარება, რაც შესაძლოა ვინმეს გამოადგეს, მაგრამ ვიღაცისთვის სრულიად გამოუსადეგარი იყოს“.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც სპეციალური პირობები ესაჭიროებათ,  ცენტრი უცხოური ენის მოსმენის ნაწილზე სთავაზობს მსოფლიოს წამყვან საგამოცდო ცენტრებში აპრობირებულ შემდეგ ალტერნატივებს: 1. წამკითხველის დახმარებას (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით); 2. ხმის გამაძლიერებელთან ახლოს დაჯდომას; 3. ყურსასმენის გამოყენებას; 4. საკუთარი სმენის აპარატის გამოყენებას; 5. დროის გახანგრძლივებას.

„ის, თუ რომელი შესაძლებლობა იქნება რელევანტური, ამ გადაწყვეტილებას იღებს სპეციალური კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალპროფესიული სამედიცინო პერსონალით. კომისიის წევრები ინდივიდუალურად ეცნობიან თითოეული გამოსაცდელის განცხადებას, საჭიროებისამებრ. რამდენჯერმე უკავშირდებიან გამოსაცდელს და სთავაზობენ სპეციალური პირობის შექმნის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტს (მის მიერ გამოგზავნილი ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ინფორმაციის შესაბამისად)“.

აქვე აღნიშნავენ, რომ საგამოცდო პროცესში მონაწილე თითოეული სპეციალური საჭიროების გამოსაცდელისათვის კომისია გადაწყვეტილებას იღებს აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებითა და გონივრული მისადაგების ზომების გამოყენებით.

ქეთი შუბაშვილი ამბობს, რომ გასულ ზაფხულში ამავე პრობლემით (სმენის დარღვევა) ომბუდსმენის აპარატის კიდევ სხვა სამმა აბიტურიენტმა მიმართა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მათთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გაატარა, მაგრამ ამ აბიტურიენტებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„რეკომენდაცია გავეცით ჩვენ უკვე წინა სამ შემთხვევასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ კიდევ შევეჩეხეთ ამ პრობლემას. აქ ორი ნაწილია: ერთი – სათანადო კომუნიკაციის, მეორე – ამ კომუნიკაციის შედეგად ინდივიდუალური ღონისძიებების გატარების“, – ამბობს შუბაშვილი და განმარტავს, რომ შარშანდელ შემთხვევებში ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული ღონისძიებები არ აღმოჩნდა ეფექტური. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცენტრის მიერ ამჯერად შეთავაზებული ღონისძიებებიც ტერეზას შემთხვევაში ვერ იქნება ხელსაყრელი.

„იმიტომ, რომ თვითონ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა, რა იქნება მისთვის გამოსავალი, რადგან თვითონ ამბობს, რომ შემოთავაზებული ვერსიები არ გამოადგება. ესე იგი, არ ექნება აზრი იმ ღონისძიებების გატარებას, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ძალიან დეტალური კომუნიკაცია ადამიანთან, რომ მაქსიმალურად ის ღონისძიება გატარდეს, რაც მას სჭირდება“.

შესაბამისად, მისი რეკომენდაციაა, ცენტრის მხრიდან რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია აბიტურიენტთან და მისი ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით მიდგომა, რადგან ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების გარეშე, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ გამოჩნდეს აბიტურიენტი, რომლისთვისაც ეს ღონისძიებები შესაძლოა არახელსაყრელი იყოს და ვერ უზრუნველყოფდეს მისთვის თანასწორ უფლებებს.