კანონპროექტი: მთავრობა გზების მოვლა-შენახვისთვის ქმნის სახელმწიფო კომპანიას, რომლის ბიუჯეტი 63 მლნ ლარი იქნება

პუბლიკა

„საავტომობილო გზების შესახებ” კანონში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც, იქმნება სახელმწიფო კომპანია, რომელიც საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვაზე იქნება პასუხისმგებელი.

კანონში შესატანი ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა, ავტორები კი ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომლებიც კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ.

სახელმწიფო კომპანიისთვის საწყის ეტაპზე განსაზღვრული კაპიტალური ინვესტიცია დაახლოებით 63 მილიონ ლარს (დღგ-ს გარეშე) შეადგენს. აღნიშნული მოიცავს ტექნიკური ბაზის სრულ ფორმირებას, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, სახელმწიფო ამ კაპიტალის ამოღებას 10-წლიან პერიოდში შეძლებს, რადგან პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობა გრძელვადიან პერსპექტივაშია შეფასებული.

კანონპროექტით განსაზღვრული მიდგომა უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვის პროცესის უფრო ეფექტიან ორგანიზებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას და მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვას. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების (GPS, GIS, SCADA და სხვა) დანერგვას, რაც უზრუნველყოფს გზის მდგომარეობის რეალურ დროში მონიტორინგს და ოპერატიული მართვის ეფექტიანობას – წერია განმარტებით ბარათში.

ინვესტიცია მოიცავს ზამთრის მოვლა-შენახვის ტექნიკას (დაახლოებით 30.9 მლნ ლარი; 65 ერთეული); ზაფხულის მოვლა-შენახვის ტექნიკას (დაახლოებით 16.4 მლნ ლარი; 54 ერთეული);ინფრასტრუქტურის, IT სისტემებისა და საწყისი მარაგების ფორმირებას (დაახლოებით 15.6 მლნ ლარი); სახელფასო ფონდს (დაახლოებით 7 მლნ ლარი, 163 თანამშრომელი) და სხვა. 

დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო კომპანიის შექმნა ევროპის ქვეყნების პრაქტიკა ეფუძნება, სადაც გზების მართვა და მოვლა-შენახვა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ან კონტროლირებადი სპეციალიზებული სუბიექტების მეშვეობით მიმდინარეობს.

„ევროპის ქვეყნების მაგალითებით თუ ვიმსჯელებთ, მიუხედავად ქვეყნების განსხვავებული მასშტაბებისა, რიგი მოდელები, მათ შორის ხორვატიისა და ესპანეთის შემთხვევაში, გარკვეულ ასპექტებში შეიძლება იყოს შედარებით უფრო ახლოს საქართველოს პირობებთან, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების გამოცდილება წარმოადგენს დამატებით პრაქტიკულ საფუძველს შესაბამისი მიდგომების განსაზღვრისათვის. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო კომპანიის შექმნა წარმოადგენს შესაძლო და გამოყენებად მოდელს გზების მართვისა და მოვლა-შენახვის ორგანიზებისათვის” – წერია დოკუმენტში.

როგორც კანონპროექტის ავტორები წერენ, „მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად საგრძნობლად გაიზარდა გზების ტექნიკური სირთულე, მათ შორის საუბარია, ავტომაგისტრალების, გვიარაბების, ხიდების რაოდენობასა და სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობაზე. დოკუმენტის თანახმად, ეს ყველაფერი არსებითად ცვლის გზების ექსპლუატაციის ხასიათს და მოითხოვს მართვის უფრო ტექნოლოგიურ, უწყვეტ და პრევენციულ მოდელზე გადასვლას.

„განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის E60 გორი-არგვეთა მონაკვეთს, რომლის სიგრძე შეადგენს 105 კილომეტრს და მოიცავს 138 ხიდსა და 59 გვირაბს. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ძირითად კომპონენტს და თავისი ფუნქციური დატვირთვით წარმოადგენს ქვეყნის სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომლის გამართული ფუნქციონირება პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობასა და სატრანზიტო პოტენციალს” – წერია განმარტებით ბარათში.

„საავტომობილო გზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების დაპროექტება, რეაბილიტაცია, მოვლა-შენახვა და სხვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ საავტომობილიო გზების დეპარტამენტს ევალება. ჩვეულებრივ, სწორედ გზების დეპარტამენტი აცხადებდა ტენდერებს, რომელში გამარჯვებული კომპანიებიც გზების მოვლა-შენახვაზე იღებდნენ ვალდებულებას. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად არსებული მრავალ კონტრაქტორზე გადანაწილებული მომსახურების მოდელისა, რომელიც უზრუნველყოფს გზების მოვლა-შენახვას, ის ვერ პასუხობს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურის მართვის მოთხოვნებს და საჭიროებს სისტემურ გაუმჯობესებას.

კანონში შესატანი ცვლილებების შემდეგ, მე-9 მუხლს ემატება პუნქტი, რომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების სრულად ან ნაწილის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებლობას ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საშუალებით გააგრძელებს. 

ამასთანავე, ცვლილება შედის კანონის კიდევ ერთ ნაწილში. განმარტებითი ბარათის თანახმად, საავტომობილო გზების დეპარტამენტში იქმნება ახალი სამსახური, რომელიც სამართალდარღვევებზე რეაგირებას მოახდენს. სამსახური 25 თანამშრომლისგან დაკომპლექტდება და მათი საშუალო თვიური სახელფასო ფონდი – დაახლოებით 120 000 ლარით განიზაზღვრება.

„საავტომობილო გზების შესახებ” კანონის 22-ე მუხლი საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონებში გზების მფლობელთან შეუთანხმებელ მოქმედებებს კრძალავს, მაგალითად, როგორიცაა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად გზისპირა ზოლებში მშენებლობა და კანონით დასაშვები მანძილის დარღვევა. ცვლილებების შემდეგ, ვალდებულების შეუსრულებლობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დადგება. 

„კანონპროექტი მიზნად ისახავს გზისპირა ზოლებში უკანონო მშენებლობის პრევენციას, სახელმწიფო ინტერესების დაცვას, საგზაო ინფრასტრუქტურისა და გზითმოსარგებლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას. განსაკუთრებით პრობლემურია აღნიშნული საკითხი იურიდიული პირების მხრიდან. ვინაიდან, მათ მიერ მიყენებული ზიანი დიდია, ხოლო პრევენციის მექანიზმი არ არსებობს. გამოწვევაა ასევე, სამართლებრივი პროცედურების გაჭიანურების საკითხი და საჭიროებს ეფექტური, მოქნილი მექანიზმის შექმნას” – წერია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის ავტორების თქმით, დაბალი ინტენსივობის სცენარის მიხედვით, წელიწადში დაახლოებით 300 სამართალდარღვევა გამოვლინდება. საშუალო გათვლით, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი 1 200 000 ლარს მიაღწევს.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ორივე სამსახურში: სამართალდარღვევებზე რეაგირების სამსახურშიცა და გზების მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელ კომპანიაში დასაქმებული პირები გადასახადის გადამხდელები იქნებიან და დაიბეგრებიან.

ავტორები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტის ძალაში შესვლა მისი ოფიციალური გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს არის გათვალისწინებული.