გუნბა: სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებში ფრენას საქართველო ბლოკავს

პუბლიკა

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ პრეზიდენტი, ბადრა გუნბა „რია ნოვოსტისთან“ აცხადებს, რომ მათ სურთ სოხუმის აეროპორტიდან ფრენა რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც შესრულდეს, თუმცა ამას „საქართველო ბლოკავს ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის) მეშვეობით“.

სოხუმის აეროპორტიდან რეისები მხოლოდ რუსეთის ქალაქებში სრულდება, რაც, გუნბას თქმით, პრიორიტეტული მიმართულებაა, თუმცა, „აფხაზეთი არ გამორიცხავს სხვა უცხოური რეისების გაშვების შესაძლებლობას, როგორც კი ამისთვის ყველაზე ხელსაყრელი გეოპოლიტიკური პირობები შეიქმნება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამ სამუშაოსკენ ვართ მიმართულნი“, – უპასუხა გუნბამ შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა სოხუმის აეროპორტი ფრენის დაწყებას უცხო ქვეყნებში.

მან ახსენა „არასტაბილური ურთიერთობები საქართველოსთან და პოლიტიკური პირობები, რომლებიც უცხო ქვეყნებში რეისების გაშვების შესაძლებლობას არ იძლევა“.

„რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნებში ფრენის შესრულება სამწუხაროდ, ჯერჯერობით, შეუძლებელია, ვინაიდან საქართველო ამას ბლოკავს ICAO-სმეშვეობით“, – განაცხადა გუნბამ და იმედი გამოთქვა, რომ „ეს საკითხი მალე გადაწყდება“.

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა 2025 წლის თებერვალში შესრულდა.

იმავე წლის 12 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ „როსავიაციამ“ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენის ნებართვა გასცა და რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიებით დაიწყო ფრენა.