EU: ოკუპირებულ სოხუმში რეგულარული ფრენების დაწყება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის კიდევ ერთი ნაბიჯია

პუბლიკა

ევროკავშირის პრესსპიკერი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, დაიწყოს რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენები სოხუმის მიმართულები, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში.

„ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რეგულარული კომერციული სამგზავრო ფრენების დაწყებაზე სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში.

ეს ქმედება, რომელიც განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე და იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აუცილებელი საერთაშორისო საავიაციო კოდი სოხუმის აეროპორტისთვის, არის რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე მიმართული მორიგი ნაბიჯი.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში მოსკოვიდან პირველი საცდელი ფრენა თებერვალში შესრულდა.

12 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ „როსავიაციამ” ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა გასცა და რუსეთმა ოკუპირებულ სოხუმში სანქცირებული ავიაკომპანიებით ფრენები დაიწყო.