რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სანქცირებული ავიაკომპანიებით ფრენები დაიწყო.
პირველ რეისს ვნუკოვოდან ბაბუშერას აეროპორტამდე UVT AERO ახორციელებს 50-ადგილიანი თვითმფრინავით.
დაგეგმილია ავიაკომპანია Ikar-ის რეისები – 6 მაისიდან.
ორივე ავიაკომპანია სანქცირებულია – მათ ევროკავშირის ქვეყნებში ფრენები ეკრძალებათ.
ამასთან, მანამდე ცნობილი გახდა, რომ „როსავიაციამ” ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ფრენების ნებართვა მისცა ასევე სანქცირებულ ავიაკომპანიებს, iFly-სა და Nordstar-ს, თუმცა მათ მიერ რეისების დაწყების თარიღები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ აფხაზეთის აეროპორტის ამოქმედება უკანონოა.
„ქართული ოცნების“ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა ოკუპირებულ აფხაზეთთან რუსეთის მიერ ფრენების დაწყებას.
მისი განცხადებით, „საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას“.
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს პოზიცია საჯაროა. თუმცა, კითხვას, მიმართა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს ოფიციალურად, რაიმე ფორმით, არ უპასუხა.
„ჩვენი პოზიცია არის ცალსახა. საქართველო გმობს აეროპორტის საერთაშორისო ნორმების დარღვევით ოპერირებას და ეს არის არა მხოლოდ ჩვენი პოზიცია, ამას მხარს უჭერს ICAO-ც (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია). ჩვენ გვაქვს მუდმივი დიალოგი და მჭიდრო თანამშრომლობა ICAO-თან და ეს ეწინააღმდეგება ICAO-ს პრინციპებს და ოკუპაციის კანონს, ამაზე სამინისტროს ჰქონდა ყოველთვის მკაფიო პოზიცია, ყოველთვის ჩვენი მხრიდან იყო ღიად დაგმობილი და ჩვენ ამ პოზიციას შევინარჩუნებთ“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოყენებულია. თუმცა, არ აქვთ რამე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა სანქცირებულ ავიაკომპანიებზე.
„ეს არის ობიექტური გარემოება, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენი მხრიდან არაღიარებული და ასევე არაღირებული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, – თქვა ლევან დავითაშვილმა.