ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი წარადგინა

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი წარადგინა.

მისი განცხადებით, ახალი შეზღუდვები მიზნად ისახავს კრემლის სამხედრო მანქანის ეკონომიკური საფუძვლების კიდევ უფრო მეტად დასუსტებას და ფოკუსირებულია იმ სექტორებზე, რომლებსაც ამ კუთხით ყველაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა დაასახელა კონკრეტული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები სანქციების ეფექტიანობის საილუსტრაციოდ: რუსეთში ინფლაცია 6%-ს უახლოვდება, საპროცენტო განაკვეთი 14.5%-ია, ხოლო რუსეთის სუვერენული ფონდის ლიკვიდური აქტივების 2/3 ამოწურულია.

მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევებს.

ევროკომისიის პრეზიდენტმაგამოყო ორი რეგიონი და ბოლოდროინდელი ინციდენტები: ბალტიისპირეთი და აღმოსავლეთ საზღვრები და აღნიშნა, რომ რუსული დრონები რეგულარულად არღვევენ საჰაერო სივრცეს ამ ტერიტორიებზე.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ზოგიერთი ამას „რუსულ ესკალაციას“ უწოდებს, მისი შეფასებით კი ეს კრემლის აშკარა მარცხია, რადგან ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ რუსეთმა უკრაინის დამორჩილება ვერ შეძლო და აგრესიაზე გადადის.

სანქციების ახალი, 21-ე პაკეტის ძირითადი მიმართულებებია:

ენერგეტიკა და „ჩრდილოვანი ფლოტი“: ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეული შოკის ფონზე ნავთობის ფასის ზედა ზღვრის კორექტირების მექანიზმი მომავალი წლის იანვრამდე შეჩერდება, რათა შენარჩუნდეს მაქსიმალური ფინანსური ზეწოლა რუსეთზე. სანქცირებულთა სიას ემატება კიდევ 30 გემი. პირველად, სანქციები შეეხება იმ დამხმარე კომპანიებსა და ინფრასტრუქტურას (პორტები, აეროპორტები, გადამამუშავებელი ქარხნები), რომლებიც რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ ემსახურებიან. ასევე იზღუდება რუსეთისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერების მიყიდვა.

ფინანსები და კრიპტოაქტივები: ტრანზაქციების აკრძალვა ფართოვდება კიდევ 31 რუსულ ბანკზე. შეზღუდვები უწესდება მესამე ქვეყნების 20 ბანკს, კრიპტოპლატფორმასა და ნავთობტრეიდერს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, პირველად შემოდის მესამე ქვეყნებისთვის კრიპტომომსახურების სრული ბლოკირების შესაძლებლობა.

ვაჭრობა და მეთევზეობა: წესდება ახალი საექსპორტო შეზღუდვები სამხედრო მრეწველობისთვის საჭირო ლითონებზე, შენადნობებსა და დრონების კომპონენტებზე. იკრძალება 60 მილიონი ევროს ღირებულების რუსული საქონლის (ავტონაწილები, ლითონის მადნები) იმპორტი. პირველად, სანქციები შეეხება მეთევზეობის სექტორს — ნაწილობრივ იზღუდება თევზის პროდუქტების, ხოლო სრულად იკრძალება ვირთევზას (cod) იმპორტი. სავაჭრო შეზღუდვები თანაბრდება ბელარუსისთვისაც, რათა გამოირიცხოს მისი გამოყენება „უკანა კარად“.

ასევე, პაკეტით ევროკავშირში შესვლა სრულად ეკრძალება ნებისმიერ პირს, ვინც ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

პარალელურად, ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელება: მიმდინარე თვეში ქვეყანა ჯამში 9 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს დრონების შესაძენად და მაკროფინანსური სტაბილურობისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისტორიული უწოდა მომავალ დღეებს, როდესაც უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალური ეტაპი – პირველი თემატური კლასტერის გახსნა იგეგმება.