EU-მ რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტი და €90-მილიარდიანი სესხი საბოლოოდ დაამტკიცა

პუბლიკა

დღეს, 23 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტი და €90-მილიარდიანი სესხი საბოლოოდ დაამტკიცა.

როგორც სანქციების პაკეტს, ისე სესხს, რომელიც მნიშვნელოვანია უკრაინის მდგრადობისთვის რუსეთთან ომის პირობებში, ვიქტორ ორბანის მთავრობა ბლოკავდა იმ საბაბით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ნავთობსადენი „დრუჟბა“ იყო დაზიანებული და რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთს რუსული ნავთობი არ მიეწოდებოდა. ნავთობსადენის შეკეთებაში უკრაინას ევროკავშირი დაეხმარა. 2 დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ნავთობის მიწოდება აღდგა.

სესხსა და სანქციებს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა წინასწარი თანხმობა გუშინ, 22 აპრილს მისცეს, დღეს კი საბოლოოდ დაამტკიცეს.

მე-20 პაკეტი მოიცავს შემდეგ ძირითად ელემენტებს:

ენერგეტიკასთან დაკავშირებული ზომები:

სანქცირებულთა სიას დაემატა 36 ახალი სუბიექტი, რომელიც მოიცავს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის როგორც მოპოვების, ისე გადამუშავების სეგმენტებს, მათ შორის ნავთობის დაზვერვას, მოპოვებას, გადამუშავებასა და ტრანსპორტირებას.

„ჩრდილოვანი ფლოტის“ ეკოსისტემა: სანქცირებულთა სიას დაემატა ჩრდილოვანი ფლოტის დამატებითი სუბიექტები,  მათ შორის მესამე ქვეყნებში მოქმედი სუბიექტებისა და 46 გემი. ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ამით კიდევ უფრო შემცირდება რუსული ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. ახლა, მთლიანობაში, ევროკავშირის მიერ სანქცირებულია რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 632 გემი. მათზე ვრცელდება პორტებში შესვლისა და მომსახურების მიღების აკრძალვა.

ტანკერების გაყიდვა: დაწესდა დამცავი მექანიზმები ევროკავშირიდან ტანკერების გაყიდვაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი გამოყენება რუსეთის მიერ. ევროკავშირელი გამყიდველების მხრიდან სავალდებულო ხდება სათანადო შემოწმება (due diligence) და ნასყიდობის ხელშეკრულებებში „არა რუსეთის“ (no Russia) პუნქტის შეტანა.

საპორტო ინფრასტრუქტურის აკრძალვა: სანქციების სიაში შევიდა რუსეთის ორი პორტი (მურმანსკი და ტუაფსე), ასევე, პირველად, მესამე ქვეყნის პორტი (კარიმუნის ნავთობტერმინალი ინდონეზიაში) ჩრდილოვან ფლოტთან კავშირისა და ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გვერდის ავლის გამო.

რუსულ ნავთობზე საზღვაო მომსახურების მომავალი აკრძალვა: პაკეტი მოიცავს საფუძველს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების მომავალი აკრძალვისთვის, G7-თან და ფასების ზედა ზღვრის კოალიციასთან (Price Cap Coalition) სრული კოორდინაციით.

ტექნიკური მომსახურება: ახალი აკრძალვა წესდება რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტანკერებისა და ყინულმჭრელების ტექნიკურ მომსახურებაზე.

LNG ტერმინალის მომსახურების აკრძალვა: ეს საშუალებას მისცემს ევროკავშირის ოპერატორებს, შეწყვიტონ ნებისმიერი გრძელვადიანი კონტრაქტი რუს ოპერატორებთან.

ფინანსური ზომები

რუსული ბანკები: ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ურთიერთობა ეკრძალებათ დამატებით 20 რუსულ ბანკთან. ამით ევროკავშირის შიდა ბაზარზე წვდომა შეეზღუდა ჯამში 70 რუსულ ბანკს.

რუსეთის მხარდამჭერი სხვა მესამე ქვეყნების ფინანსური ოპერატორები: აკრძალვა ვრცელდება ყირგიზეთის, ლაოსისა და აზერბაიჯანის ოთხ ბანკზე, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლით ან რუსული ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემასთან (SPFS) დაკავშირებით.

რუსული კრიპტო მომსახურება და ბირჟები: მე-20 პაკეტი მოიცავს სრულ სექტორულ აკრძალვას ნებისმიერ რუსულ კრიპტო აქტივების მომსახურების მომწოდებელთან ან დეცენტრალიზებულ პლატფორმასთან ტრანზაქციებზე.

კრიპტოვალუტები და ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები (CBDC): აიკრძალა კრიპტოვალუტა RUBx-ისა და „ციფრული რუბლის“ გამოყენება და მხარდაჭერა.

საგადახდო მომსახურება: პაკეტი კრძალავს ტრანზაქციებს რუსეთსა და მესამე ქვეყნებში იმ აგენტებთან, რომლებიც სთავაზობენ საერთაშორისო ტრანზაქციების ხელშეწყობას ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით.

სავაჭრო ზომები

პაკეტი აწესებს ახალ საექსპორტო და საიმპორტო შეზღუდვებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო სისტემის დასასუსტებლად:

  • ახალი საექსპორტო აკრძალვები საქონელზე (რეზინიდან ტრაქტორებამდე) – ღირებულება ჯამში 365 მილიონ ევროს აღემატება.
  • საექსპორტო შეზღუდვები სამხედრო დანიშნულების ტექნოლოგიებზე: ფეთქებადი ნივთიერებები, ლაბორატორიული მინა და მაღალი ხარისხის საპოხი მასალები.
  • კიბერუსაფრთხოების მომსახურების მიწოდების აკრძალვა.
  • ახალი საიმპორტო აკრძალვები ლითონებზე, ქიმიკატებსა და მინერალებზე, რომელთა ღირებულება 530 მილიონ ევროს აჭარბებს.

რუსეთის სამხედრო მრეწველობა

სანქციები დაუწესდა 58 კომპანიასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც მონაწილეობენ სამხედრო საქონლის (მაგ. დრონების) წარმოებაში. სიაში მოხვდნენ სუბიექტები ჩინეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ბელარუსიდან.

სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომები

აქტიურდება სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტი. ეს ევროკავშირმა პირველად ყირგიზეთის მიმართ იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სისტემატურად ვერ ახერხებს, აღკვეთოს ევროკავშირიდან იმპორტირებული დაზგებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის რეექსპორტი რუსეთში, რასაც ეს უკანასკნელი რაკეტებისა და დრონების საწარმოებლად იყენებს.

დამატებითი სანქციები

მე-20 პაკეტი მოიცავს დამატებით 120 სუბიექტს (33 ფიზიკური პირი და 83 იურიდიული პირი). სანქციები ასევე შეეხო ოლიგარქებს, უკრაინიდან ბავშვების გატაცებაში მონაწილე პირებს, პროპაგანდისტებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძარცვაზე პასუხისმგებელ პირებს.

ევროკავშირის ოპერატორების სამართლებრივი დაცვა

ახალი პაკეტი აძლიერებს ევროკავშირის კომპანიების დაცვას რუსეთის მთავრობის საპასუხო ქმედებებისგან. ის საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების სასამართლოებს, დააჯარიმონ რუსული მხარეები, რომლებიც ბოროტად იყენებენ სარჩელებს რუსულ სასამართლოებში. ასევე, დაწესდა ტრანზაქციების აკრძალვა იმ რუსი კონკურენტების წინააღმდეგ, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირის ოპერატორების ქონების უკანონო ექსპროპრიაციით.

სხვა ზომები

ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ: ახალი ზომები მიმართულია იმ მედიების ვებგვერდების წინააღმდეგ, რომლებიც გვერდს უვლიან მაუწყებლობის აკრძალვას და ონლაინ რეჟიმში ავრცელებენ იმავე კონტენტს, რასაც პროპაგანდისტული მედიები (როგორიცაა Russia Today, Sputnik და ა.შ.). ამ სარკისებური საიტებისა და დომენების კონტენტის გავრცელება ასევე აიკრძალება ევროკავშირში. ეს ხელს შეუწყობს ონლაინ საიტების უფრო სწრაფად გაუქმებას ან დაბლოკვას, რომლებიც ოფიციალური მედიების არხების მარიონეტები ან კლონები არიან.

ევროკავშირის კვლევების დაცვა: იკრძალება რუსეთის მთავრობისგან დაფინანსების, შემოწირულობების ან გრანტების მიღება კვლევისა და ინოვაციების სფეროში.

სანქციების პაკეტი ასევე ასახავს რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გარკვეულ დებულებებს (ვაჭრობის, ფინანსების, მომსახურებისა და სამართლებრივი დაცვის სფეროში) ბელარუსის მიმართ სანქციებშიც.