სომხეთის არჩევნებიდან 2 დღეში პრორუსი წარუკიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პუბლიკა

ავტორი: არშალუის ბარსეღიანი

სომხეთის არჩევნებიდან 2 დღეში – 9 ივნისს პრორუსი ბიზნესმენის, გაგიკ წარუკიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. კერძოდ, გამოძიება დაიწყო მსხვილი საგადასახადო თაღლითობის ბრალდებით. 

წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ კვლავ ელოდება ხმების ხელახალი დათვლის შედეგებს, რამაც უნდა განსაზღვროს, შევა თუ არა იგი პარლამენტში.

9 ივნისს სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ წარუკიანს ქვეყნიდან გასვლაც აეკრძალა.

აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სომხეთის სამთავრობო მედიის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წარუკიანი 9 ივნისს ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის დატოვებას ცდილობდა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.

გაგიკ წარუკიანი სავარაუდოდ ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში, 2026 წლის 9 ივნისს. ფოტო: ArmTimes

ამავდროულად, ასევე 9 ივნისს სომხეთის ხელისუფლებამ ძებნილი პარტია „ძლიერი სომხეთის“ ექვსი დეპუტატობის კანდიდატიდან ორს წინასწარ პატიმრობა შეუფარდა ფულის გათეთრებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.

ეს მოვლენები ემთხვევა სომხეთში 550-ზე მეტი საარჩევნო უბნის ხმების ხელახალი დათვლის პროცესის დაწყებას, რაც სამი ოპოზიციური ჯგუფის, მათ შორის „აყვავებული სომხეთის“ მოთხოვნით მოხდა. წინასწარი შედეგებით, პარტიამ ხმების 3.996% მიიღო და მცირედი დააკლდა საპარლამენტო 4%-იანი ბარიერის გადალახვამდე.

გარდა იმისა, რომ ხმების ხელახალმა დათვლამ უნდა განსაზღვროს, მოიპოვებს თუ არა „აყვავებული სომხეთი“ საპარლამენტო მანდატებს, ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს დანარჩენი ორი ოპოზიციური ჯგუფის: სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის ალიანსისა“ და რობერტ ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსის“ გადაწყვეტილებაზე, შევლენ თუ არა პარლამენტში.

9 ივნისს „ძლიერი სომხეთის“ ლიდერმა, სამველ კარაპეტიანის შვილმა, ნარეკ კარაპეტიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ მისი ალიანსი დაელოდება, შევა თუ არა პარლამენტში ქოჩარიანის „აყვავებული სომხეთი“.

„ჩვენ დავინახავთ, ექნება თუ არა ოპოზიციას შესაძლებლობა, გამოხატოს თავისი პოზიცია გენერალური პროკურორისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევისას“, – განაცხადა კარაპეტიანმა.

თავის მხრივ, „სომხეთის ალიანსმა“ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მათი თქმით, საბოლოო შედეგების გამოქვეყნებისთანავე წარადგენენ „მყარ მტკიცებულებებს“ იმისა, რომ არჩევნები „არათანაბარ და უსამართლო გარემოში“ ჩატარდა.

„ამ მომენტში ოპოზიციაში მყოფ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს“, – განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა 8 ივნისს. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ოპოზიციურ ჯგუფს გულისხმობდა და მხოლოდ ის თქვა, რომ ალიანსი თავის გეგმებს კონსულტაციების დასრულების შემდეგ გამოაცხადებს.

წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ პარლამენტში 64 ადგილი ერგება, კარაპეტიანის „ძლიერ სომხეთს“ – 29, ხოლო ქოჩარიანის „სომხეთის ალიანსს“ – 12.

პოლიტოლოგმა ნარეკ სუკიასიანმა OC Media-ს უთხრა, რომ თუ წარუკიანის „აყვავებული სომხეთი“ პარლამენტში შევა, მმართველი პარტია დაკარგავს 3/5-იან უმრავლესობას, რომელიც აუცილებელია საკვანძო აღმასრულებელ და სასამართლო თანამდებობებზე პირთა დასანიშნად/გასათავისუფლებლად და კონსტიტუციური კანონების შესაცვლელად (მაგალითად, რეფერენდუმის ან საარჩევნო კოდექსის შესახებ).

„ამან შესაძლოა სხვა ოპოზიციურ ძალებს მოტივაცია მისცეს, ახალი მოწვევის ბოიკოტირების ნაცვლად, მანდატები ჩაიბარონ“, – თქვა სუკიასიანმა.

თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა მათთვის შესაძლოა „რისკის შემცველიც“ იყოს, „რადგან ამან შეიძლება რამდენიმე დეპუტატის ლოიალობის დაკარგვა გამოიწვიოს, რაც პოტენციურად „სამოქალაქო შეთანხმებას“ მისთვის სასურველი უმრავლესობის მოპოვების საშუალებას მისცემს“.

რუსეთმა მედიას ფაშინიანის „მარცხად“ წარმოჩენის ინსტრუქცია მისცა

პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კვლავ იღებს მილოცვებს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ გამარჯვების გამო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.

ამის ნაცვლად, მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ კრემლი არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობას აღრიცხავს.

კენჭისყრამდე პუტინმა ხაზი გაუსვა რუსეთის სურვილს, რომ არჩევნებში „პრორუსულ“ ჯგუფებს მიეღოთ მონაწილეობა. ამავდროულად, რუსეთმა არჩევნების წინ მთელი რიგი შეზღუდვები დააწესა სომხური პროდუქციის ექსპორტზე, რაც ბევრმა საარჩევნო შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით განხორციელებულ ეკონომიკურ ზეწოლად აღიქვა.

გარდა ამისა, რუსულმა დამოუკიდებელმა გამოცემა Meduza-მ, კრემლისადმი კეთილგანწყობილი მსხვილი მედიაორგანიზაციის თანამშრომელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სახელმწიფო და პროსახელისუფლებო მედიას მისცა მითითება, არჩევნების შედეგები ფაშინიანის „მარცხად“ წარმოეჩინათ – კონკრეტულად ამ სიტყვის, „მარცხის“ გამოყენებით. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურმა პირებმა ასევე გასცეს რეკომენდაცია, აქცენტი გაკეთებულიყო არჩევნების სავარაუდო დარღვევებზე, რათა „ეჭვქვეშ დამდგარიყო ფაშინიანის ლეგიტიმურობა“.

Meduza-მ ასევე გამოაქვეყნა რუსული მედიის მონიტორინგის შედეგები, რაც ადასტურებს, რომ ეს რეკომენდაციები აისახა კიდეც სომხეთის არჩევნების გაშუქებისას.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.