16 ივნისს ჟენევაში, ალბათ, ბოლო წლების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა. ჯო ბაიდენი რუსეთის პოლიტიკის მიმართ ყოველთვის კრიტიკული იყო. მისი შეხედულებები არც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ შეცვლილა.
რუსეთის მიმართ კრიტიკა განსაკუთრებით გაიზარდა ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევისა და კიბერთავდასხმების შემდეგ. ეს უკვე არა უბრალოდ ამერიკის მოკავშირეებზე, არამედ თავად შეერთებულ შტატებზე თავდასხმა იყო. აშშ-შიც რუსეთის მიმართ კრიტიკამ იმატა.
არც ევროპაში მომხდარა ურთიერთობების დათბობა. ჩეხეთის სკანდალმა, სადაც იარაღის საწყობების აფეთქებაში რუსული კვალი გამოიკვეთა, პუტინის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკას აგრესიულმა პოლიტიკამ, უკრაინის საზღვრებთან ჯარის თავმოყრამ და კიევზე ზეწოლამ ბოლო დროს რუსეთთან ურთიერთობა გაართულა. დასავლეთსა და რუსეთს შორის გაუარესებეული ურთიერთობის ფონზე კი ბაიდენსა და პუტინს შორის შეხვედრამ კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი ჟენევაში, ისტორიულ ვილაში დაიგეგმა, თუმცა მოლოდინი დიდი არ ყოფილა. როგორც ამერიკელმა, ისე რუსმა ოფიციალურმა პირებმა ფრთხილი ოპტიმიზმი აირჩიეს და მედიასთან საუბრისას, არ უთქვამთ, რომ ამ შეხვედრას განსაკუთრებული ცვლილებები მოჰყვებოდა.
როგორც CNN-ის ერთ-ერთი მიმომხილველი წერს, ბაიდენის მოლოდინი იმდენად მცირე იყო, რომ პუტინის შეხვედრაზე გამოჩენაც კი უკვე პოზიტიურად მიიჩნეოდა.
თუმცა შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს წამყვანმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ბევრი რამ განიხილეს და გარკვეულ საკითხებთან მიმართებით, მცირე, რაციონალური წინსვლაც იყო.
რა თქვეს პუტინმა და ბაიდენმა შეხვედრის შემდეგ?
სამიტის დასრულების შემდეგ პირველი ბრიფინგი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამართა. „პროდუქტიული, არსებითი, კონკრეტული“ – ასე შეაფასა პუტინმა ბაიდენთან შეხვედრა.
შეხვედრის ერთ-ერთი შედეგი კი მისი თქმით, აშშ-სა და რუსეთის ელჩების თავთავიანთ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება იქნება. აქამდე ორივე ქვეყანას დიპლომატები კონსულტაციებისთვის ჰყავდათ გამოწვეული.
ასევე, პუტინმა განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი კიბერუსაფრთხოების შესახებ კონსულტაციებს დაიწყებენ. „ჩვენ გვჯერა, რომ კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, როგორც ამერიკისთვის, ისე – რუსეთისთვის“, – განაცხადა პუტინმა, თუმცა კიბერთავდასხმებში რუსეთის პასუხისმგებლობა უარყო და თქვა, რომ კიბერდანაშაული ყველგან ხდება, რუსეთს კი მის ორგანიზებაში ბრალი არ მიუძღვის.
„ჩვენ თავს გვესხმიან ყოველ წელს. მაგალითად, კიბერშეტევის სამიზნე იყო ჯანდაცვის სისტემა, რომელიც რუსეთისთვის მნიშვნელოვანია“, – თქვა პუტინმა.
რაც შეეხება ალექსეი ნავალნის, რომლის დაკავებაც პუტინისადმი კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აქ განსახილველი არაფერი ყოფილა, ნავალნიმ კანონი დაარღვია და სასჯელსაც შესაბამისად იხდის.
„ამ ადამიანმა იცოდა, რომ რუსულ კანონს არღვევდა“ – თქვა პუტინმა და დაამტა, რომ მან კანონი განმეორებით დაარღვია. „ძალიან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად დაბრუნდა რუსეთში. მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ“ – თქვა პუტინმა. „ის ქნა, რაც უნდოდა, რომ ექნა“.
ბოლოს კი დასძინა, რომ არ ისურვებდა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ ამერიკაში დაწყებული საპროტესტო მოძრაობა და არეულობა რუსეთში ეხილა.
რუსეთის პრეზიდენტის ბრიფინგის დასრულებიდან მალევე მოაწყო პრესკონფერენცია აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც.
თავისივე სიტყვის დასაწყისში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყნის ლიდერმა სტაბილური და განჭვრეტადი ურთიერთობა უნდა ჩამოაყალიბოს. „მე ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ჩემი დღის წესრიგი არ არის რუსეთის ან ვინმეს წინააღმდეგ მიმართული. ის ამერიკელი ხალხის ინტერესებს ეფუძნება“, – თქვა ბაიდენმა.
ბაიდენი ბრიფინგის შესავალ სიტყვაში შეეხო უკრაინისა და ბელარუსის საკითხებსაც, რომლებთან დაკავშირებითაც შეშფოთება გამოხატა და ახსნა ისიც, რატომ სურდა პუტინთან საუბარი.
„მნიშვნელოვანი იყო პირისპირ შეხვედრა, რომ თავიდან აგვეცილებინა რაიმე სახის შეცდომა ან გაუგებრობა იმ საკითხებთან მიმართებით, რაზეც საუბარი მსურდა. მე გავაკეთე ის, რის გასაკეთებლადაც აქ მოვედი“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან თავისი პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების დარღვევასა და ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებითაც. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება, თუკი ალექსეი ნავალნი ციხეში მოკვდება, პრეზიდენტმა უპასუხა, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის „სავალალო შედეგები“ დადგება.
ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა დაირღვევა ადამიანის უფლებები, მას შესაბამისი რეაქცია ექნება და ეს პუტინს მკაფიოდ უთხრა. მან შეუსაბამოდ მიიჩნია ადამიანის უფლებებზე თავდასხმის შედარება იანვარში კაპიტოლიუმ მომხდარ შტურმზე. ბაიდენის თქმით, ერთია, როცა ადამიანები მსვლელობით მიდიან სახელმწიფო შენობებთან, მეორეა, როცა მოქალაქეთა ნაწილი მოულოდნელად თავს ესხმის შენობას და კლავს პოლიციელს.
თუმცა, როგორც ჩანს, შეხვედრაზე პრეზდენტებმა ყველაზე დიდი დრო კიბერუსაფრთხოებას დაუთმეს. ბაიდენის თქმით, მან დაასახელა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის 16 კომპონენტი, რომელსაც კიბერთავდასხმები არ უნდა შეეხოს.
ასევე ისაუბრა არჩევნებში ჩარევაზე და განაცხადა, რომ პუტინმა იცის, თუკი კიბერშეტევები ან არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენა გაგრძელდება, ამას „შედეგები მოჰყვება“. „ყველაზე ნაკლებად პუტინს ახლა ცივი ომი სურს“, – თქვა ბაიდენმა. „მან იცის, რომ აშშ-ს აქვს სათანადო ციფრული ტექნოლოგიები კიბერუსაფრთხოებისთვის“, – დასძინა პრეზიდენტმა. მთლიანობაში კი შეხვედრა ბაიდენმა შეაფასა, როგორც – „პოზიტიური“.
ბირთვული უსაფრთხოებიდან კიბერუსაფრთხოებამდე – რა გავიგეთ შეხვედრიდან
პირველ რიგში, როგორც CNN წერს, ბაიდენის სურვილმა, რომ პირისპირ ესაუბრა პუტინთან, აშშ-ის ახალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკაზე ერთგვარი მინიშნება მოგვცა. ბაიდენის თქმით, ის საგარეო პოლიტიკას პერსონალური ურთიერთობების გაგრძელებად აღიქვამს.
„ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება“, – თქვა პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ.
ამ კუთხით, როგორც გამოცემა წერს, შეხვედრამ გარკვეული შედეგები გმაოიღო. ბაიდენმა და პუტინმა მათი შეხვედრა აღწერეს როგორც ნაკლებად ემოციური, მეტად პრაგმატული, მკაფიო განსხვავებების შესახებ და რაციონალური. რაც ამერიკა-რუსეთის მომავალი ურთიერთობის კონტურებს ხაზავს.
მეორე, რაც შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ისაა, რომ ბაიდენსა და პუტინს შორის ურთიერთობა აშშ-ის წინა პრეზიდენტისგან სრულაიდ განსხვავებულია. 2018 წელს ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა, შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ისეთი შთაბეჭდილებაც კი შეიქმნა, რომ ტრამპი პუტინის გალვენის ქვეშ მოექცა. მათ შორის, რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აშშ-ის არჩევნებში.
ამ შეხვედრის შემდეგ საერთო პრესკონფერენცია არ ყოფილა, ბაიდენმა კი მკაფიოდ ისაუბრა იმ განსხვავებებზე, რაც პუტინთან აქვს და თქვა ისიც, რომ ამ საკითხებზე პუტინთანაც გარკვევით ისაუბრა.
ტრამპისა და ბაიდენის განსხვავებული დამოკიდებულება შეხვედრის შემდეგ თავად ვლადიმერ პუტინმაც აღნიშნა.
თუმცა, როგორც CNN წერს, იყო ერთი მსგავსებაც ტრამპსა და ბაიდენს შორის. ორივე პრეზიდენტი შეხვედრის შემდეგ ჟურნალიტების კრიტიკულმა შეკითხვებმა გააღიზიანა. „კარგი რეპორტიორი რომ იყო, მხოლოდ ნეგატივზე უნდა ისაუბრო. თქვენ არასდროს სვამთ პოზიტიურ შეკითხვებს“, – თქვა გაღიზიანებულმა ბაიდენმა, რომელიც CNN-ის ჟურნალისტს შეეკამათა კიდეც.
როგორც CNN-ის მიმომხილველი წერს, კიდევ ერთი რამ, რაც შეხვედრის შემდეგ გავიგეთ, ისაა, რომ რუსეთის მხარეს არაფერი შეცვლილა. პუტინის დამოკიდებულება ისევ ისეთია. მართალია მან პროდუქტიულად შეაფასა შეხვედრა, თუმცა ადამიანის უფლებების დარღვევასა და კიბერთავდასხმებსა თუ არჩევნებში ჩარევაზე პუტინის პოზიცია კვლავინდებურად ყველაფრის უარყოფა, რიგ შემთხვევაში, კი დასავლეთზე გადაბრალებაც კია. თუმცა, ამისი მოლოდინი არც პოლიტიკოსებს და არც ექსპერტებს არ ჰქონიათ.
უფრო საინტერესო კითხვა იყო, ხომ არ შეუწყო ხელის რუსეთის პრეზიდენტის გავლენის ზრდას მსგავსი სამიტის ჩატარებამ? ბაიდენსა და პუტინს შორის საგანგებო შეხვედრამ თითქოს რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიო მნიშვნელობის როლი შესძინა. მაშინ, როცა როგორც CNN წერს, ამერიკის ექსპრეზიდენტები, მათ შორის, ობამაც, ცდილობდნენ წარმოეჩინათ, რომ ცივი ომი დასრულდა და რუსეთს დღეს აღარ აქვს ისეთი გავლენა, როგორიც ჰქონდა საბჭოთა კავშირს.
დაბოლოს, ამ შეხვედრიდან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად აღსანიშნავი ის იყო, როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში ბირთვული სახელმწიფოების ლიდერებს შორის სასაუბრო თემა. წლების განმავლობაში, პოლიტიკოსების, ანალიტიკოსებისა თუ ჟურნალისტების ყურადღება ბირთვულ იარაღზე იყო მიპყრობილი. ამ შეხვედრაზე კი მთავარ საკითხად კიბერუსაფრთხოება იქცა.
აშშ და რუსეთი როგორც ბირთვულ არსენალში, კიბერსფეროშიც წამყვან ადგილს იკავებენ. კიბერთავდასხმების მნიშვნელობა კი ციფრული ტექნოლოგიების დახვეწასა და გაფართოებასთან ერთად იზრდება. ასე რომ, კიბერუსაფრთხოება, სავარაუდოდ, ამ სამიტის განსახილველ საკითხად არ დარჩება და მისი როლი მომავალში კვლავ მნიშვნელოვანი იქნება.