COVID-19-ის, B და C ჰეპატიტის გავრცელების დასადგენად კვლევა დაიწყო

პუბლიკა

საქართველოში COVID-19-ის, B და C ჰეპატიტის სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა ჩატარდება, – ინფორმაციას ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კვლევა დაიწყო დღეიდან და ორი თვის მანძილზე გაგრძელდება.

„აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყანაში შემთხვევითობის მეთოდით შერჩეულ მისამართებზე მცხოვრები 5-17 წლის ბავშვები და 18 წლის ან მეტი ასაკის მოზრდილი მოსახლეობა.

ეპიდემიოლოგები კვლევაში შერჩეულ პირებთან ჩაატარებენ ინტერვიუს კითხვარის მეშვეობით. იმავე პირებს ჩაუტარდებათ სისხლის ლაბორატორიული ტესტირება სამ ვირუსულ ინფექციაზე (SARS-CoV-2, ვირუსული B და C ჰეპატიტები). აღნიშნული ლაბორატორიული კვლევებით დადგინდება გადატანილი და/ან მიმდინარე ინფექციების არსებობა”, – აცხადებენ NCDC-ში.

მათივე თქმით, კვლევის მიზანია აგრეთვე გამოავლინოს, მიაღწია თუ არა ქვეყანამ B ჰეპატიტის იმუნიზაციის ჯანმო-ს მიერ დადგენილ სამიზნეებს და შეაფასოს B ჰეპატიტის ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში. ასევე, უზრუნველყოს მოსახლეობაში ინფექციის გავრცელების სრულყოფილი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.