კობახიძე: გაზის ტარიფზე გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ ყველა ვალდებულები ვართ, დაველოდოთ გადაწყვეტილებას

პუბლიკა

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გაზის ტარიფის გაზრდა მთავრობის პრეროგატივა არ არის და ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი).

„[ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით] გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ, დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ველოდებით სემეკს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები, თუმცა გადაწყვეტილებას ის იღებს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სემეკს უფლება ენიჭება, მოხმარებული მოცულობის მიხედვით, წყლისა და ბუნებრივი გაზის განსხვავებული ტარიფები დაადგინოს. პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო.

კანონის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაადგინოს განსხვავებული ტარიფები მოხმარებული მოცულობების მიხედვით.

დღეის მდგომარეობით საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დგინდება ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფები განაწილების ლიცენზიატების ოპერირების არეალების მიხედვით და თითოეული მოხმარებული კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფი არ იცვლება მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობის მიხედვით.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება არ ცვლის სატარიფო რეგულირების ძირითად პრინციპებს და წარმოადგენს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში მოქმედ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირებასა და მომხმარებელთა კატეგორიებს შორის ტარიფების ცვლილების ეტაპობრივ განხორციელებას.

კანონის ინიციატორი დეპუტატები არიან: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, ანტონ ობოლაშვილი და ირაკლი მეზურნიშვილი.