ვიდეოში ქრონოლოგიურად თავმოყრილია 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის მონაწილე სხვადასხვა პირის მიერ Facebook-live-ის დროს გადაღებული კადრები.
„პუბლიკამ“ ამ ვიდეოში თავი მოუყარა „სირცხვილიას“ ოფისზე თავდასხმის ორგანიზების კადრებს. მოგვიანებით სწორედ, „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში გაუსწორდნენ ძალადობრივი ჯგუფები „TV პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას.
5 ივლისს, დაახლოებით 12 საათისთვის „ალტერნატივა საქართველოსთვის“ გამგეობის ერთ-ერთი წევრი კონსტანტინე მორგოშია პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას, რომ „სირცხვილიას“ ოფისში იმყოფებიან „თბილისი პრაიდის“ წევრებიც. ასახელებს მისამართს და 500-600 კაცს მოუწოდებს, რომ გადაინაცვლონ ოფისთან. დაახლოებით 9-10 წუთში მორგოშია და აქციის სხვა მონაწილეები უკვე ადგილზე არიან.
აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 12:08 საათზე „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოდან „TV პირველი“ პირდაპირ ეთერს რთავს. კადრებში ჩანს, როგორ ადიან ძალადობრივი ჯგუფის წევრები კიბეებზე და თავს ესხმიან მათ გადამღებ ჯგუფს.
ვიდეოში ასევე ჩანს, რომ „სიცრხვილიას“ ოფისთან მობილიზებულია პოლიციის მცირე რაოდენობა. ასევე ის, თუ რა ტიპის კომუნიკაცია ჰქონდათ სამართალდამცველებსა და ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებს ერთმანეთთან.