სწავლის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების ღირებულება ეკონომიკისათვის 55 მლრდ ლარამდეა - IDFI

პუბლიკა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, კვლევის “განათლების სექტორის მიმოხილვა COVID-19 პანდემიის პირობებში” პრეზენტაცია გამართა.

 „COVID­19 პანდემიის პირობებში ქვეყანა კვლავ მოუმზადებელია დისტანციური სწავლებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია საკითხის განხილვა, სხვადასხვა პროფესიული პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის დონეზე და სასწრაფო წესით ქმედითი პოლიტიკის შემუშავება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, მოსალოდნელია ახალი სასწავლო წლის დაწყება დისტანციური სწავლების საშუალებით და არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე საკმაოდ დიდ დანა კარგებს მივიღებთ.“ – აღნიშნა IDFI-ის ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, გივი ადეიშვილმა.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

• საქართველოს მიერ განათლების სექტორისთვის გამოყოფილი რესურსების წილი მშპ-თან მიმართებაში 4.1%-ს შეადგენდა 2020 წელს და ჩამოუვარდება ევროკავშირისა და OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებს, 5%-ს და 4.7%-ს.

• PISA-ს შედეგებით წაკითხულის გააზრების, მათემატიკისა, და მეცნიერებების დაჯამებული ქულის მიხედვით, საქართველო 78 ქვეყნიდან 70-ე ადგილს იკავებს. ხოლო მსოფლიო ბანკის “ადამიანური კაპიტალის ინდექსი“ გვიჩვენებს რომ საქართველოს სკოლის მოსწავლეებში მოსალოდნელი პროდუქტიულობა ყველაზე დაბალია რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.

• საქართველოში მასწავლების საშუალო ხელფასი 40%-ით ჩამოუვარდება საშუალო ხელფასს და მასწავლებლის პროფესია უფრო ნაკლებად მიმზიდველია. შედეგად მასწავლებლების რაოდენობა მცირდება და საშუალო ასაკი იზრდება.

• 8,247-მა მოსწავლემ მიატოვა სკოლა 2019/2020 სასწავლო წელს. მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითი და საბაზო განათლება საქართველოში აუცილებელია, იმ მოსწავლეების თითქმის ნახევარი ვინც სწავლა მიატოვა, მეათე კლასის ქვემოთ იყო.

• პროფესიული პროგრამები სრულად ვერ პასუხობენ შრომით ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ევროკავშირში მოსწავლეების თითქმის ნახევარი პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევს მე-9 კლასის შემდგომ, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%-ია.

• საქართველოს განათლების სისტემაში დისტანციური სწავლება პანდემიამდე არასდროს გამოუყენებიათ და ქვეყანა მოუმზადებელი შეხვდა ახალ გამოწვევას. 2020 წელს, შინამეურნეობების 38%-ს არ ჰქონდა კომპიუტერი და 16%-ს კი ინტერნეტთან წვდომა.

• IDFI-ის შეფასებით, სასწავლო პროცესის შეფერხებით გამოწვეული დანაკარგების დღევანდელი ღირებულება საქართველოს ეკონომიკისათვის დაახლოებით 55 მლრდ ლარამდეა.