„შრომის ლექსიკონი“ – განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანია გააქტიურდა.
„შრომის ლექსიკონი“ განმარტავს შრომით უფლებებთან დაკავშირებულ ტერმინებს, რომლებიც საქართველოს ახალი შრომის კოდექსითაა გათვალისწინებული. კამპანია ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას შრომის ინსპექციის საქმიანობისა და როლის შესახებ და ხელს უწყობს შრომით კულტურაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.
„პროგრესული ფორუმის” თავმჯდომარე, დიმიტრი ცქიტიშვილი „შრომის ლექსიკონის“ შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ესაუბრა.
„გვინდა, რომ არაპროფესიული საზოგადოებისთვის გასაგები გავხადოთ გარკვეული ნორმები, რომლებიც თავმოყრილია შრომის კოდექსში. შრომის კოდექსი ეხება აბსოლუტურად ყველა ადამიანს, რომელიც გარკვეულად არის ამა თუ იმ პერიოდით შრომით ურთიერთობაში. შესაბამისად, ყველამ უნდა იცოდეს იმ უფლებების შესახებ, რაც გააჩნია.
ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ერთდროულად კანონმდებლობაში და ბუნებრივია, ამას სჭირდება კომუნიკაცია, საზოგადოებამდე მიტანა, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, რა უფლებები გაუჩნდა და რა ვალდებულებები გაჩნდა დამსაქმებლის მხრიდან…
ისევე როგორც დღეს იცის ყველა ადამიანმა, რომ გამოხატვის თავისუფლება არის მისი უფლება, ასევე უნდა იცოდეს, რომ შრომით უფლებების კუთხით მას აქვს უპირობო უფლებები, რომლებიც მის მიმართ უპირობოდ უნდა იყოს დაცული. ამ უფლებების შესახებ ანა-ბანასავით უნდა იცოდეს ყველამ“, – ამბობს ცქიტიშვილი.
მისი თქმით, კამპანიის ფარგლებში მომზადდება საინფორმაციო სახის ვიდეოკლიპები, ასევე იმუშავებს facebook-გვერდი, სადაც მომხმარებელს ინტერაქციის შესაძლებლობა ექნება.
„ჩვენ გამოვყავით რამდენიმე მიმართულება – ერთი იქნება ვიდეოკლიპების სახით. ჩვენ მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე არხთან, რომ სოციალური რეკლამის სახით განთავსდეს.
ასევე გამოვიყენეთ სოციალურ მედიას, რომ ინტერაქცია გვქონდეს ადამიანებთან, რომლებიც უფრო დეტალურად დაინტერესდებიან საკითხით…
გვექნება მცდელობა, რომ სოციალურ მედიაში გავააქტიუროთ ეს პროცესი, გვქონდეს ინტერაქციული პროცესი, მივიღოთ კითხვები. გვეყოლება ექსპერტები, რომლებიც მათ კომპეტენტურ პასუხებს გასცემენ. ეს იქნება ორმხრივი – მივიღებთ კითხვებს, მივაწვდით ინფორმაციას. ასევე იქნება პასუხი ხშირად დასმულ შეკითხვებზეც. ფეიჯი უკვე შექმნილია, პირველი კლიპი უკვე დაიდო. ასევე გვექნება ინსტაგრამიც, linkedin-იც“, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.