აგერ, ერთი თვის წინ გამოიცა ქართული მთარგმნელობითი სკოლის ერთ-ერთი კორიფეს, 2018 წელს გარდაცვლილი ზეზვა მედულაშვილის, მრავალმხრივ საგულისხმო თარგმანების კრებული, სახელწოდებით – „აღმოსავლური მზეჭრელი“, რომელიც წარდგინებისას სამართლიანად იქნა აღიარებული საგანძურად და მასში შემავალი თარგმანების არცთუ მცირე ნაწილი კონგენიალურადაც შეირაცხა (კონგენიალური ეწოდება თარგმანს, თუკი იგი ინარჩუნებს დედანთან სიახლოვესა და ამავე დროს გადმოთარგმნილ ენაზეც ინარჩუნებს ბუნებრიობას). ეს კრებული სპარსულ, თურქმენულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, უზბეკურ, ტაჯიკურ პოეზიასთან ერთად მოიცავს დაღესტნურ, აფხაზურ, ოსურ, ჩეჩნურ და მაჰმადიან მესხთა სალექსო ნიმუშებსაც. ხსენებული ენებიდან სპარსულ/ირანული და თურქული ოჯახის ენების უმეტესობა, აგრეთვე სომხური ენა მთარგმნელმა უშუალოდ იცოდა.
გარდა ამ კრებულისა, რომლის შედგენაც თავად დაიწყო, დაცალებით კი არ დასცალდა (ეს საქმე მისმა უსათნოესმა მეუღლემ ქალბატონმა კამილამ დაასრულა),ზეზვა მედულაშვილს ეკუთვნის აზერბაიჯანული საგმირო ეპოს „ქოროღლისა“ და „1001 აზერბაიჯანული ბაიათის“ თარგმანიც. ორთავე თარგმანმა სპეციალისტებისა და მკითხველების ძალიან დიდი სიყვარული და აღიარება მოიპოვა. განსაკუთრებით „ქოროღლის“ თარგმანმა კვლავუფრო ბრწყინვალება შეჰმატა მის უამისოდაც დახუნძლულ შემოქმედებას, თუმცაღა ამ ეპოსის „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემისთანავე სახელები „ქოროღლი“ და „ზეზვა“ შენივთდა და კარგა ხანია, რაც ზეზვა მედულაშვილის სახელის ხსენება ქოროღლისთან, ხოლო ქოროღლისა ზეზვასთან ასოცირდება. ქართულმა საზოგადოებამ „ქოროღლის“ „წლის საუკეთესო თარგმანისთვის“ საბა უბოძა, აზერბაიჯანულმა კი დღემდე ვერ მიაგო სათანადო პატივი.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ვისაც მაქვს საშუალება დედანი და თარგმანი ერთურთს დავადარო, „ქოროღლიცა“ და „ბაიათებიც“ არა მხოლოდ დიდოსტატურადაა ქართულად ამეტყველებული, არამედ ეს ენობრივი ქსოვილი თუ ქარგა, მისადაგებული დედნისეულ სუნთქვასთან, იმთავითვე წარმოადგენს ნიმუშს, თარგს და საერთოდაც, დიდ სკოლას აზერბაიჯანულიდან ქართულად მხატვრული ტექსტების გადმოთარგმნის საქმეში ჩაბმულთათვის და მოწადინეთათვის – ახლა თუ მომავალში. ზეზვა მედულაშვილის მიერ თარგმნილ ტექსტებს სამომავლოდ სოლიდური მეცნიერული კვლევები ესაჭიროება, რადგან თავად მასალა, თვალის ერთი შევლებითაც უხვი და საინტერესო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.
ახლა თავად კრებულის განსაკუთრებულობაზე. ეს კრებული გარდა იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა ენის პოეზიის ნიმუშებს წარმოგვიდგენს, ამასთანავე, მაგალითად, აზერბაიჯანული და სომხური ლიტერატურის შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთგვარ „ანთოლოგიურობასაც“ ითავსებს, კერძოდ, აზერბაიჯანულენოვან ნაწილში მოცემული პოეზია იმად ედ-დინ ნასიმით (XIV-XVსს), ფუზულით (XVI ს) იწყება, გადმოსწვდება ვაგიფს (XVIII ს), აშუღ ალესკერს (XIX-XX), მეოცე საუკუნის აზერბაიჯანული პოეზიის წარმომადგენლებს და ოცდამეერთე საუკუნის პოეტებსაც მოითვლის. კრებულის აზერბაიჯანული კარედი აზერბაიჯანული ფოლკლორის შედევრებით – „ბაიათებითა“ და საიათნოვას აზერბაიჯანულენოვანი ლექსებით იხურება. ეს უკანასკნელი ფაქტი სულ სხვაგვარ პეწსა და მნიშვნელობას სძენს „აღმოსავლურ მზეჭრელს“, თუნდაც იმითაც, რომ საიათნოვა ხიდის როლს ასრულებს აზერბაიჯანულ და სომხურ ლიტერატურას შორის ზოგადადაც და ამ კრებულშიც. წიგნის სომხური პოეზიის ნაწილი სწორედ საიათნოვას სომხურენოვანი ლექსების ქართული თარგმანებით იწყება და ვაჩაგან მელქონიანით სრულდება. თუმცა კრებულის ღირსსახსოვარობა ამით არ ამოიწურება და დამატებით კიდევ ორს გამოვყოფ – პირველი ის, რომ იგი გვაზიარებს მაჰმადიან მესხთა შემოქმედების ნიმუშებსაც, რომლებიც ჩვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის, სრულიად უცნობი მოვლენაა, რადგან მუსლიმი მესხები თავიანთ ზეპირ თუ წერილობით მხატვრულ ნიმუშებს თურქულ ენაზე ქმნიდნენ, ხოლო მეორე ღირსებად ამ კრებულისა მიმაჩნია ისიც, რომ აზერბაიჯანულ ნაწილში შესულია საკუთრივ აზერბაიჯანის, ასევე წარმოშობით საქართველოდან მყოფი პოეტის – ისა ისმაილზადეს და რაც მთავარია, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელთა: აშუღი ჰუსეინ სარაჩლის, შოვქათ დაღლარკიზისა და თაფდიგ იოლჩუს პოეტური ნიმუშები.
ვინაიდან პოეტური ნიმუშები ე.ი. ლექსები ვახსენეთ, ამ მცირე, გაცნობითი ხასიათის წერილში ნათქვამის საილუსტრაციოდ მსურს რამდენიმე ლექსსაც მოვუხმო. მანამდე კი უცილოდ სათქმელია ისიც, რომ ზეზვა მედულაშვილმა აზერბაიჯანული პოეზიიდან თარგმნისას უმრავლესი პოეტი და კიდევ უფრო მეტი ლექსი პირველმა და აქამდე ერთადერთმა (თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მაინც ვიტყვი, რომ ჩემთვის ასეა ცნობილი) შემოიყვანა ქართულ ენობრივ სივრცეში, რომ არაფერი ვთქვათ ისევ „ქოროღლსა“ და ბაიათებზე. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იმად ედ-დინ ნასიმი და მუჰამად ფუზული გახლავთ. ზეზვამ ნასიმი ქართველ მკითხველს მისივე „თუიუგებით“ გააცნო (თურქები „თუიუღს“ უწოდებენ).
წარმოგიდგენთ ერთ ასეთ ნიმუშს:
„წალკოტში შეველ, დილა იყო, აისის ჟამი,
ყაყაჩოს ეპყრა, დავინახე, ჯემშიდის ჯამი,
ჟამიდან ჟამზე შროშანასი ისმოდა ჩქამი:
წამი ჟამია, ჟამი – წამი, იწამე წამი!“.
„თუიუგი“ თურქულენოვან პოეტთა შემოქმედებაში რობაის მსგავს ოთხსტრიქონიან ლექსს ეწოდება. რობაიში გადმოცემული თემები თუიუგისთვისაც წარმმართველია, თუმცა რობაისგან გასხვავებით, რომელიც 13-14 მარცვლიანიც შეიძლება იყოს, თუიუგი 11-მარცვლიანი სალექსო ფორმა გახლავთ. ძირითადად ირითმება ასე a,a,a,a ან a,a, x, a ( მეორე ვარიანტი უფრო რობაიებისათვისაა ნიშნეული, თუმცა რობაიებშიც არაიშვიათად a,a,a,a კონსტრუქციაც გვხვდება, როგორც ამაზე კრებულშივე მიუთითებს მთარგმნელი).
„აღმოსავლური მზეჭრელის“ თვალ-მარგალიტთაგანი უდავოდ ვაგიფი გახლავთ. მოლა ფანაჰ ვაგიფი მოვლენაა თურქულენოვან და კავკასიურ ლიტერატურაში. იგი ყარაბაღის ხანის − იბრაჰიმ-ხალილის ვეზირი და დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ამიტომ მეფე ერეკლეს კარზე და საქართველოში ხშირად უწევდა ჩამოსვლა. ვაგიფის ლიტერატურული გენიალურობა ის გახლავთ, რომ მან რეალურ ქალებს და ლამაზმანებს უმღერა და გარდა ამისა, მთელ კავკასიაში, არათურქულენოვან ხალხთა შორისაც მეტად პოპულარული და სიცოცხლეშივე კლასიკოსად აღიარებული პოეტი გახლდათ. მისი ლექსები ქართული ტრანსკრიპტით ჩრდილოეთ კავკასიაში „ვალიდ“ მივლენილმა გრიგოლ ორბელიანმა შეაგროვა და ქვეშ „ეს ვაღუფის ლექსებია“-ო მიუწერა. ვაგიფმა თავისი შემოქმედებით სკოლა შექმნა, რომელსაც არაერთი პოეტი მიეკუთვნებოდა. ვაგიფის ცნობილი ლექსი „წეროები“ თავის დროზე პაოლო იაშვილმა თარგმნა. ამ კრებულში შესულია ვაგიფის ერთი საგულისხმო ლექსის თარგმანი, რომელიც პოეტს მეფისწულ ლეონ ბატონიშვილისთვის მიუძღვნია. გთავაზობთ მხოლოდ პირველ სტროფს:
„მეფეს რა ტურფა ვაჟი ჰყავს, სინათლე ორთავ თვალისა,
ჩრდილი ამო და მფარველი სრულიად გურჯისტანისა,
სარდალი სახელმაღალი, მტერთა დამცემი ზარისა;
სამყაროს თავფურცელია სახელი ლეონ ხანისა,
ღმერთი ჰფარავდეს ლომგულსა, დასტურ კაი ყმა არისა“.
ის, რომ ვაგიფი განსაკუთრებული იყო ზეზვასათვის კარგად ჩანს იმითაც, რომ კრებულის ბოლო გარეკანზე სწორედ ვაგიფის ყოშმა „მექორწილენო, აგრემც თავზე შემოგევლებით“ გახლავთ გამოტანილი ზეზვასეული კალიგრაფიითვე.
დაბოლოს, წიგნის სათაურზე – „აღმოსავლურ მზეჭრელზე“. ეს სახელწოდება თავად მთარგმნელმა დაანათლა კრებულს. „მზეჭრელი“, როგორც თავად ამიხსნა თავის დროზე, ეწოდება ხის ფოთლებს შორის ალაგ-ალაგ გამოღწეულ და მიწაზე აციაგებულ მზის სხივებს, „შუქ-ჩრდილებს“.
რა თქმა უნდა, ამ კრებულზე, მის თითოეულ კარედზე და თითოეული ლექსის გადმოთარგმნის პლასტებზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი და წერა, მაგრამ ამჯერად ეს ვიმყოფინოთ.