დიპლომატები ბელარუსსა და საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებას აკრიტიკებენ

პუბლიკა

არაერთი დიპლომატი და საერთაშორისო პარტნიორი ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას Twitter-ზე ეხმაურება.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თავის თვითში აღნიშნავს, რომ შეთანხმება ნამდვილად ძალიან საშიშია.

„ნამდვილად ძალიან საშიშია. რატომ დაიწყო საქართველომ შეთანხმების იმპლემენტაცია 5 წლის შემდეგ იმ სიტუაციაში, როდესაც ყველამ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და ლუკაშენკოს არ უნდა გადასცეს ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები“, – წერს კრამონი.

დადებულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსიც:

„საქართველომ შეთანხმება გააფორმა ბელარუსის KGB-სთან? ვერ ვიჯერებ, ჯერ კიდევ ხუმრობას ჰგავს. თუ სიმართლეა, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს – საქართველოს გზა NATO-სა და ევროკავშირისკენ ძალიან ბუნდოვანი იქნება“, – აღნიშნავს ლინკევიჩუსი.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი კი შეთანხმებას სამარცხვინოს უწოდებს.

„ნამდვილად სამარცხვინოა. საქართველოს მთავრობამ ცოტა ხნის წინ დატოვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება – თუ ამასაც არ დატოვებენ, ეს იქნება კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ“ – წერს კელი.

Shameful indeed. The Georgian Govt recently withdrew from an agreement brokered by the EU — if they don’t from this, it will be another sign that their priorities lie elsewhere. https://t.co/hocmQ3uuH9


არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT)“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გუშინ, 13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ.

ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.