ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ რეჟიმს - „დროა“ ბელარუსთან შეთანხმებაზე

პუბლიკა

პარტია „დროა“ ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის დადებულ შეთანხმებას ეხმაურება. პარტია მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საგანგაშოს უწოდებს.

„დროა“ მიიჩნევს, რომ ეს შეთანხმება ლუკაშენკოს რეჟიმის ლეგიტიმაციას ნიშნავს და საფრთხეს უქმნის იმ ბელარუსთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.

„საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს KGB-სთან. ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელარუსთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ.

უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის“, – ნათქვამია „დროას“ განცხადებაში.


არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა (HRHT)“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ გუშინ, 13 აგვისტოს, ბელარუსის ოფიციალურ საკანონმდებლო ვებსაიტზე დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობას აფორმებენ.

ორგანიზაციის ცნობით, დოკუმენტი 2016 წელს არის ხელმოწერილი, რომელიც ბელარუსში ძალაში შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებისთვის, რეგულარულად გაცვალონ ინფორმაცია.