ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, პირს, რომელსაც ბრალად ედებოდა ტრანსგენდერი ქალის დაყაჩაღება და სექსუალური ძალადობა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„თანასწორობის მოძრაობას” 12 აგვისტოს დახმარების თხოვნით მომართა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ უცნობ პირთან ჰქონდა ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი. შემდეგ კი ამ პირმა მას არასასურველი ინტიმური კავშირი მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

„ბრალდებულმა იარაღის მუქარით აიძულა ქალს, დაემყარებინა მასთან არასასურველი სქესობრივი კონტაქტი და მოსთხოვა ფულადი თანხა. ამავდროულად აღნიშნული პირი მას ტრანსფობიური და ჰომოფობიური შინაარსის სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა დაზარალებულს გაუწიეს კონსულტაცია და თანხლება გამოკითხვისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე დაიწყო გამოძიება. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

გამოძიება მიმდინარეობდა ყაჩაღობის (179-ე მუხლი), გაუპატიურების (137-ე მუხლი) და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების (138-ე მუხლი). ბრალდებული დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, აქედან 3 წელი განესაზღვრა რეალური სასჯელი, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ბრალდებულს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება დაზარალებულის სურვილის გათვალისწინებით, საქმეში ასევე გამოკვეთილია სიძულვილის მოტივი“, – ამბობენ „თანასწორობის მოძრაობაში“.