დიტო ჩუბინიძეს ლექტორის უფლებამოსილება სტუ-ში შეუჩერეს

პუბლიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიამ დიმიტრი ჩუბინიძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ ცნობილი ხდება დოკუმენტიდან, რომელსაც გამოცემა „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.

მიღებულ გადაწყვეტილებას ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ასაჩივრებს, რომელმაც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს საჩივრით მიმართა.

„ეთიკის კომისიამ დეკანის მოხსენებითი ბარათი და მასთან დაკავშირებული საკითხი დაახლოებით 4 საათის განმავლობაში განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება დომენტი ჩუბინიძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე. საკითხის ასე მოკლე დროში განხილვა, საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე, აჩენს ეჭვს, რომ მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – აცხადებს „ასავალ-დასავალთან” საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

ხატიაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მოითხოვს, უზრუნველყოს საჩივრის განხილვა, გამოავლინოს შესაძლო დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები და კანონით დადგენილი წესით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 22 ოქტომბერს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ალექსანდრე სიჭინავამ, ეთიკის კომისიას მიმართა და დიმიტრი ჩუბინიძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სიჭინავა წერს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემიდან გახდა ცნობილი, რომ პროკურატურამ ჩუბინიძე „სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა”.

ეთიკის კომისიის წევრებმა სხდომაზე აღნიშნეს, რომ „ქმედება ეწინააღმდეგება დადგენილ საუნივერსიტეტო ეთიკის კოდექსს და შეიცავს უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის ნიშნებს“.

დიმიტრი ჩუბინიძის თქმით, ფაკულტეტის კომისიამ „პირნათლად შეასრულა ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა”.

ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ვაჟა პაპასკირი გამოცემასთან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ „რეპრესიული გადაწყვეტილება” არ გამოუტანია და „ყველას ასე უჩერებენ სტატუსს, სანამ ვითარება არ გაირკვევა”.

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთიკის კომისიის წევრებმა დიმიტრი ჩუბინიძის უფლებები დაარღვიეს და ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. კერძოდ, დაირღვა ეთიკის კოდექსის მე-12 მუხლის, მე-4 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მოთხოვნები.

როგორც ადვოკატის გამოცემა „ასავალ-დასავალთან” ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილებით დაირღვა დიმიტრი ჩუბინიძის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რადგან „ეთიკის კომისიამ საკითხი დაინტერესებული პირის მონაწილეობის, მისი პოზიციის მოსმენისა და შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე განიხილა”.

ხატიაშვილის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი და ფორმულირება სცდება დისციპლინური ორგანოს უფლებამოსილების კანონითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილ ფარგლებს.

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე პროკურატურამ 2026 წლის 22 ოქტომბერს სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. პროკურატურის განცხადებით, მას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელებასა და სახელმწიფო უწყებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ ის 4 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.