უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 060 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.

წაგებული საქმე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როდესაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.

როგორც „ფორმულა“ წერს, უზენაეს სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმე ამჯერად უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა დათუმაძემ კიდევ ორ მოსამართლესთან, ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად განიხილა.

დავით კეზერაშვილის ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ორი ინსტაციის მიერ მიღებული იყო გამამართლებელი განაჩენი და ის აღნიშნავს, რომ 3 წლის შემდეგ, წინასაარჩევნოდ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელ განაჩენს საერთო არაფერი აქვს მართლმსაჯულებასთან.

„პირველ ინსტანციაში მოხდა ყველა იმ საკითხებისა  და მტკიცებულების გავლა, მოწმეთა გამოკითხვა, წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა, ანუ თვითონ მოსამართლე უსმენდა ამ ყველაფერს და დარწმუნდა, რომ დავით კეზერაშვილი არის უდანაშაულო და მიიღო ასეთი [გამამართლებელი] განაჩენი. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოს და სამი წლის მერე თაროდან ჩამოღებულ საქმეს და ამ საქმის დაწყებას, არაფერი არ აქვს საერთო მართლმსაჯულებასთან“, – განაცხადა დავით კეზერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა „ფორმულასთან“.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ  გადაწყვეტილებას ის გაასაჩივრებს სტრასბურგის სასამართლოში.

წაიკითხეთ კეზერაშვილის განცხადება სრულად:

„ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა. მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია.

სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი – იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.

ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, – წერს დავით კეზერაშვილი.