რატომ ვერ ვხედავთ შშმ ქალებს პოლიტიკაში? ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ესმა გუმბერიძე 

შშმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობა დავგუგლე ქართულად და ისევ ერთ-ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ჩემი გამოსვლის შესახებ ნიუსი ამომიგდო. საქართველოში შშმ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. არადა, იმავე მეზობელ სომხეთს ჰყავდა სოციალური დაცვის მინისტრად შშმ ქალი. მსოფლიოს სხვა რამდენიმე ქვეყანას ასევე ჰყავდა და ჰყავს შშმ ქალები მინისტრებად, საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეებად. მათ შორის ისეთ ქვეყნებსაც, „განუვითარებლად“ რომ არის ჩვენში მიჩნეული.

შშმ ქალები პოლიტიკაში ჩართვის კუთხით აწყდებიან როგორც ქალობასთან, ანუ გენდერთან, ასევე შეზღუდულ შესაძლებლობასთან ჩვენს საზოგადოებაში შეჭიდებულ ბარიერებს, ანუ აქაც დისკრიმინაცია ორმაგია.

გავიხსენებ ჩემი სტუდენტობის პირველ წლებს, როდესაც არ ვაპირებდი შშმ პირთა და, მით უმეტეს, შშმ ქალთა უფლებების კუთხით მუშაობას. თავი წარმომედგინა პოლიტიკაში ან საერთაშორისო ურთიერთობებში. ვერთვებოდი სხვადასხვა მოდელირებასა და დებატებში. ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ჩემს ზრდილობიანად აწეულ ხელს ვერავინ ამჩნევდა; რომ ბიჭებს, როგორღაც, უფრო ყურადღებით უსმენდნენ; რომ გოგოებიც ყველაფერს აკეთებდნენ, ბიჭების ხმას რომ გადაეფარა ყველა და ყველაფერი (სოლიდარობის ნაკლებობა). დღეს არსებული საზოგადოებრივი მოწყობა ქალს აიძულებს, თუ „კაი ტიპი“ უნდა რომ გამოჩნდეს, კაცებს უნდა დაუთმოს და მისცეს სალაპარაკო პლატფორმა და ასპარეზი. კაცები უნდა დააყენოს წინ, თვითონ კი გვერდზე უნდა გაიწიოს, თან სხვა, უფრო მოწყვლადებიც გაწიოს. ქალებიც ქვეცნობიერად, თავის დასამკვიდრებლად თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებენ შშმ ქალებს. მე, თუნდაც მსგავს ან იმავე რამეს ვამბობდე, არ ვისმინებოდი. ძალიან მიჭირდა, ხელის აწევისა და საუბრის დაწყების ნებართვის გარეშე ადგილიდან მეყვირა; სხვებისთვის გამეწყვეტინებინა, გადამეცილებინა გამოყოფილი დროის რეგლამენტისთვის. ერთი სიტყვით, მეკეთებინა ის, რითაც ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას მიაქვს აუდიტორიამდე სათქმელი.

ბავშვობაში დედა მასწავლიდა, რომ „პატარა გოგო, მით უმეტეს უსინათლო, უზრდელად არ შეიძლება, იქცეოდეს; სხვებს არ უნდა აწყვეტინებდეს; არ უნდა ჰქონდეს მომთხოვნი ტონი; ხმას არ უნდა უწევდეს“. ამგვარი აღზრდის შედეგებს დღესაც ვიმკი. დახურული აუდიტორიის წინაშე, ოფიციალურ ღონისძიებებზე, სადაც გამოყოფილი მაქვს ტრიბუნა და შექმნილია კეთილგანწყობილი, სმენისკენ მიმართული გარემო, სიტყვით გამოსვლა არ მიჭირს. ახლაც არ მიჭირს ლაპარაკი, იმის მიუხედავად, რომ თეორიულად ინტერნეტში გამოქვეყნებულ ჩემს ამ პოდკასტს შეიძლება, გაცილებით მეტმა ადამიანმა უსმინოს, ვიდრე ქუჩის გამოსვლას. თუმცა საპროტესტო აქციებზე ლაპარაკის ძალიან მეშინია. ქვეცნობიერად, ალბათ, მეშინია, ვიღაცა რომ გამაწყვეტინებს, ჩემს აზრს რომ არ დაეთანხმება, რომ ახმაურდებიან და ჩემი ხმით ვერ ჩავახშობ.

აქციები ვახსენე და იქ, ძირითადად, მშობლებს დავყავარ. ყოველთვის უნდათ, რომ მალევე წავიდეთ სახლში. მარტო რომ მივდიოდე, მეტ ხანს და უფრო ხშირად ვიქნებოდი საპროტესტო გამოსვლებზე. 2019 წლის 20 ივნისის დარბევის შემდეგაც მინდოდა მისვლა. იმ დღეს უცხოეთში ვიყავი და როგორც კი დავბრუნდი, ეგრევე ვთქვი, უნდა მივიდე-მეთქი და დავდგე პარლამენტის წინ. მშობლები სხვა ქალაქში იყვნენ. ბებია მთელი დღე მალოდინებდა, სანამ მშობლებს არ ჰკითხა ჩემი აქციაზე წაყვანის ნებართვა. საბოლოოდ, საღამოს 11 სთ-ზე მივედით.

სახელმწიფო პროგრამების მიერ უზრუნველყოფილ ასისტენტებს, გამცილებლებსაც შესაძლოა, არ უნდოდეთ შშმ ქალის აქციაზე გაყოლა, სადაც სახელმწიფო სტრუქტურებს აკრიტიკებენ. ერთი ახალგაზრდა შშმ ქალი აქციებზე წასვლის სირთულეებს ფეისბუკზე საპროტესტო პოსტების გამოქვეყნებით აბალანსებს. თუმცა გარემოცვამ, ახლობლებმა დაუწყეს პრეტენზიები, ნუ ხარ ასეთი უზრდელი, არ უნდა გქონდეს რადიკალური ტონიო. ამის გამო მოუწია ყალბი პროფილის შექმნა და ფსევდონიმით ორთქლის გამოშვება, გამოგონილი სახელით წერა და თვითგამოხატვა. არადა იდეას, მოსაზრებას ჩვენს სახელს რომ ვაცლით, დამაჯერებლობაც აკლდება, რადგან დღეს იმდენი ინფორმაციაა ყველგან, ადამიანებს უფრო მეტად ნაცნობების სჯერათ. მშობლები არც მაინცდამაინც მეგობრებთან ერთად აქციებზე ჩემი გაშვების მომხრეები არიან. მეუბნებიან, რომ მათ გარდა ვერავის ვენდობი, რომ პოლიციის, ძალოვნებისა და სხვა მოძალადეების შემოტევის შემთხვევაში ყველა გაიქცევა და შშმ ქალს შეატოვებენ.

არჩევნებზე ხმის მიმცემ შშმ პირთა გენდერული სტატისტიკის წარმოება ცესკომ მხოლოდ შარშან დაიწყო, შესაბამისად, წინა წლებთან ქალთა საარჩევნო აქტიურობის მაჩვენებლის შედარება არ შეგვიძლია. თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოდნავ მეტმა, კერძოდ 1862-მა ქალმა მისცა ხმა, ვიდრე კაცმა (1801). შესაძლოა, ხმის მიმცემ ამომრჩეველთა ეს გენდერული გადანაწილება არაზუსტიც იყოს, რადგან ცესკო შშმ ამომრჩეველს აღრიცხავს საარჩევნო უბნებზე დამხმარე საშუალებათა (გამადიდებელი ლუპა, უსინათლოთათვის ჩარჩო ფორმა) მომთხოვნების მიხედვით, ასევე გარეგნული დათვალიერებით. თუმცა, თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს მონაცემი ზუსტია, შეგვიძლია, ჩავთვალოთ, რომ შშმ ქალები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ არჩევნებში მონაწილეობის თვალსაზრისით, მით უმეტეს, რომ საქართველოში არსებული მონაცემებით, შშმ სტატუსი მეტ კაცს აქვს, ვიდრე  – ქალს. შარშანდელ არჩევნებში მეტმა შშმ ქალმა მისცა ხმა, ვიდრე კაცმა შშმ პირთა მხრიდან საარჩევნო მონაწილეობის საერთო კლების ფონზე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 7072-მა შშმ პირმა მისცა ხმა, მაშინ როდესაც 2020 წლის არჩევნებზე ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ შემცირდა (3663). 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 4883-მა შშმ პირმა მისცა ხმა, მაშინ როცა 2017-ში- მხოლოდ 3353-მა.

არჩევნებზე შშმ ქალთა ჩართულობის მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქვეყანაში არსებული პარლამენტის 3  შშმ წევრთაგან ყველა კაცია. არავინ თქვას, რომ შშმ ქალებს პოლიტიკა არ აინტერესებთ. არჩევნებში ხომ უფრო აქტიურობენ. პარტიებშიც სხვადასხვა დროს გვყავდნენ და გვყვანან შშმ ქალები. სწორედ მათ გამოცდილებას, ჩემის ჩათვლით, მოვყვები დღევანდელ პოდკასტში. ეს გამოცდილება არცთუ სახარბიელო და იმედისმომცემია, სამწუხაროდ.

შშმ ქალი პოლიტიკურ აქტივიზმში აწყდება ყველა იმ გამოწვევას, რასაც ტიპური განვითარების ქალი. მათ არ უსმენენ; კაცები ცდილობენ თავიანთი ხმის ტემბრით დათრგუნონ და გააწყვეტინონ; თანაგუნდელებიც კი ნახევრად ხუმრობით ეკიდებიან მათ მოსაზრებებსა და შეთავაზებებს; ისევ და ისევ განხილვის საგანია ქალის გარეგნობა და მისი პირადი ცხოვრება. არის თუ არა ის კარგი დედა, დიასახლისი და მეუღლე (შშმ ქალების შემთხვევაში კი, საერთოდ, არის რომ დედა, დიასახლისი და მეუღლე). ოჯახებში მიიჩნევენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა ქალისთვის; რომ პარტიულ შეხვედრებზე გვიან ღამემდე ის არ უნდა ჩერდებოდეს. შშმ ქალთან მიმართებაში ამ წარმოდგენას თანაგუნდელებიც იზიარებენ. ცდილობენ, შშმ ქალი გვიანობამდე არ გააჩერონ შეხვედრაზე, ყოველ ჯერზე არ დაიბარონ, „არ შეაწუხონ“. ის ხომ სხვაზეა დამოკიდებული, რომ მოიყვანონ და წაიყვანონ. სახელმწიფო არანაირ ფინანსურ მხარდაჭერას არ სთავაზობს შშმ კანდიდატებს, თუნდაც გამცილებელი ან ჟესტური ენის თარჯიმანი რომ დაიქირაონ.

ის, გახედებენ თუ არა პარტიის ანდაც კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფინანსებისა და დაფინანსების მოძიების საკითხებში, კარგი მაჩვენებელია იმისა, ხარ თუ არა მნიშვნელოვანი, სანდო და ღირებული პოლიტიკური გუნდისთვის. ამ მხრივაც, უარყოფითი გამოცდილება ჰქონიათ შშმ ქალებს, როდესაც პოტენციურ სპონსორებთან შესახვედრად წასვლაზე უარი უთქვამთ. შესაძლოა, ყველა თანაბრად კარგი არ იყოს სპონსორებთან მოლაპარაკებების წარმართვაში, მაგრამ მომავალ პოლიტიკოსს ხომ უნდა ჰქონდეს პოტენციურ შემომწირველებთან, მსხვილ თუ წვრილ დამფინანსებლებთან ურთიერთობის გამოცდილება, მან ხომ უნდა ისწავლოს მათთან მუშაობა, დაესწროს, დააკვირდეს, როგორ იქცევიან უფრო გამოცდილნი. შშმ პოლიტიკოსი ქალები, მათ შორის მეც, ხშირად გამოთიშულნი რჩებოდნენ გუნდის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებიდან, რომლებიც ეხებოდა, მაგალითად, პოლიტიკური გუნდის მომავალს (შეუერთდნენ თუ გამოეყონ სხვა პოლიტიკურ ძალას).

ჩემ მიერ გამოკითხული 3 შშმ ქალი პოლიტიკოსები ჰყვებოდნენ, რომ მათ პარტიაში ჩართვა შესთავაზეს მას შემდეგ, რაც შშმ კაცებმა თქვეს უარი; რომ სახლების, მოედნების, საჯარო თუ კერძო სივრცეების მასობრივი მიუწვდომლობის გამო, ისინი ვერ იღებენ სათანადო მონაწილეობას კარდაკარ ამომრჩეველთან მუშაობასა თუ საპროტესტო აქციებში. ჩანდა, რომ დაბალი თვითშეფასება და თვითრწმენაც აქვთ ჩამოყალიბებული გაბატონებული გენდერული სოციალიზაციისა და აღზრდის გამო. მათი უმრავლესობა ვერ ეუბნებოდა ამომრჩეველს პირდაპირ, მათთვის რომ მიეცათ ხმა. პირიქით, არჩევით თანამდებობაზე ეს შშმ ქალი კანდიდატები ეუბნებოდნენ ამომრჩეველს, რომ მათთვის მთავარი არაა, ხმა რომ მისცენ.

აღსანიშნავია, რომ სამივე ქალი იყო ეტლით მოსარგებლე. გაეროს განვითარების პროგრამის  მიერ 2020 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ საზოგადოებრივი განწყობის კვლევის თანახმად, გაცილებით უფრო მეტი ადამიანი ემხრობოდა ფიზიკური დარღვევის მქონე პირების ხილვას მეზობლებად, თანამშრომლებად, პოლიტიკოსებად, ვიდრე – სენსორული (უსინათლო, ყრუ) ფსიქო-სოციალური ან ინტელექტუალური დარღვევებით. არცაა გასაკვირი. იმდენი ლექსი, სიმღერა თუ პროზაული ნაწარმოები ლაპარაკობს გამოხედვის, როგორც სილამაზისა და გულწრფელობის გამომხატველი ქმედების, მნიშვნელობაზე, რომ, მაგალითად, უსინათლოთა მიმართ დამატებითი სტიგმა ძვალ-რბილში გაუჯდა საზოგადოებას. ეს ნიშნავს, რომ შშმ პირთა და შშმ ქალთა შორისაც არსებობს საზოგადოებრივი მიმღებლობის იერარქია.

ერთ ისტორიასაც მოვყვები, 2018 წელს არ იყო რა ქალთა მოძრაობის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატებთან შესახვედრად შერჩეული სივრცე მისაწვდომი ყველა შშმ ქალისთვის, გადავწყვიტეთ, ცალკე მოგვეწვია პრეზიდენტობის 6 კანდიდატი შშმ ქალებთან. 6-დან მხოლოდ 2 მოვიდა შეხვედრაზე. მათ შორის არ ყოფილა საქართველოს ამჟამინდელი ქალი პრეზიდენტი. 2019 წელს არჩევის შემდეგ მან ისურვა შშმ ქალებთან ცალკე შეხვედრა, თუმცა პრეზიდენტის სასახლეში მიწვეულ ქალთა შორის შშმ ქალები კვლავ უმცირესობა ვიყავით. უმრავლესობა შშმ ბავშვთა და ზრდასრულთა დედები იყვნენ. შეხვედრაზე სიტყვის თქმის საშუალებაც არ მოგვეცა საკუთრივ შშმ ქალებს.

არადა შშმ ქალებს ყველაზე კარგად ისევ შშმ ქალები წარმოადგენენ, ჩვენს საჭიროებებს ისევ ჩვენნაირები გააჟღერებენ. პოლიტიკური კლასი, სახელმწიფოს მართვაში ჩართული ხალხი უნდა იყოს ისეთივე ჭრელი, როგორიც მთელი ქვეყანა. მრავალფეროვნება უნდა აისახებოდეს პოლიტიკაში. ამის ფონზე როცა მეუბნებიან, შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობსო, თან მეცინება და თან მემწარება. რადგან სანამ ჩვენ წინაშე არსებულ ბარიერებს არ ვაღიარებთ, სახელს არ დავარქმევთ, მათი აღმოფხვრაც გაგვიჭირდება.