სილაღე პანდემიამდე და დეპრესია შემდგომ; მოზღვავებული, მაგრამ აკრძალული სურვილები, ფრთაშეკვეცილი არტისტული ოცნებები; ლამის დაზეპირებული სიზმრები; ჯერ კიდევ სოციალური დისტანციის გამო გაჩენილი დაუძლეველი შიშები და იმედები – ამ ყველაფრის დავიწყება და გახსენებაც თიბისი კონცეპტის მიერ ორგანიზებულ ფოტო და მულტიმედია ხელოვნების გამოფენაზე შეგიძლიათ, რომელიც მარჯანიშვილის N7-ში, თიბისი კონცეფტის ორ საგამოფენო სივრცეშია წარმოდგენილი. გამოფენა სრულიად განსხვავებულ ხელოვანთა და არტისტთა ნამუშევრებს აერთიანებს.
გამოფენა საშუალებას აძლევს ხელოვნების მოყვარულებს სექტემბრის ბოლომდე ექვსი ქართველი არტისტის, ფოტოხელოვანის თუ მხატვრის ნამუშევრებს გაეცნონ. მაგალითად, დავით მესხის და ქეთუთა ალექსი-მესხიშვილის სრულიად განსხვავებულ და კონცეფტუალურ ფოტოგრაფიას; ქეთი კაპანაძის ვერცხლისფერი მეტალით შესრულებულ რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც უშუალოდ თიბისი კონცეპტის დაკვეთით შეიქმნა და რომელიც მარჯანიშვილის სივრცის რეკონსტრუქციის შემდეგ დარჩება საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი; ანა ქე-ის პროექტი, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და რომელიც 2019 წელს, საქართველოს მიერ ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ პროექტს პირდაპირ უკავშირდება; გვანცა ჯიშკარიანის მინისგან შექმნილ ნამუშევრებს, ნატა სოფრომაძის ყვავილების სერიას, რომელთა ფოტოები პატარა მინის სარკეებზეა დატანილი… აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების დიდი ნაწილი თიბისი კონვეფტის დარბაზებში დარჩება და იმედია, დროთა განმავლობაში მის ორგანულ ნაწილად გადაიქცევა.
ცალკე სივრცეში, მეორე სართულზე წარმოდგენილია ფოტოგრაფ დარო სულაკაურის პროექტი „სიზმარს ვხედავდი“ – წიგნი და დღიური, რომელიც ავტორის ერთგვარი ფოტოგრაფიული რეფლექსიაა პანდემიის შთაბეჭდილებებზე. ავტორის ტექსტი და ფოტოები ცხადყოფს, რა ძლიერია პირადი განცდების კვალი და როგორ აისახება ის დღიურებში, რომელიც მან 11-მეტრიან, აკინძულ ინსტალაციად გარდაიქმნა. თიბისი კონცეფტის ახალი გამოფენით გვსურს, რომ პანდემიის შემდგომ, საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებისეულ რიტმს დავუბრუნოთ. სახელოვნებო პროცესი და გამოფენები გავაცოცხლოთ, რათა ისინი ჩვენი რეალობის ნაწილად ვაქციოთ. თავის დროზე, თიბისი კონცეფტის შექმნა სწორედ ამგვარი არტისტული და სოციალური სივრცის მთლიანობას გულისხმობდა“.
ვიზუალური ხელოვნების დაბრუნება-გაცოცხლება თიბისი კონცეფტის საგამოფენო სივრცეში, ერთგვარ მოგზაურობას წააგავს სიზმარსა თუ ცხადში. ასეთ ირონიულ სიცხადეს იგრძნობთ დავით მესხის „ტანმოვარჯიშეების“ ფოტოგრაფიაში, ხოლო სიზმრისეულ ირეალობას – ქეთუთა მესხიშვილის „ძაღლის ღიმილში“, რომელშიც ძაღლი საერთოდ არ ჩანს და ღიმილს უფრო მომწვანო ღრუბლების ფორმა აქვს. ქეთი კაპანაძის ვერცხლიფერი, მრგვალი მეტალის მრავალფიგურიანი ნამუშევარი გრძელი სათაურით „Irreversibility is a flow of on atoms which as Expressions of Vital…“ უფრო სოციალური და პოლიტიკური შთაბეჭდილებებისკენ გიბიძგებთ.
გვანცა ჯიშკარიანის ნამუშევარი Savanna Savage, რომელიც მრგვალ და მართკუთხა ფორმის შუშებზეა განფენილი, აფრიკული სავანების უსასრულობისა თუ ფერადოვნებისკენ გვეპატიჟება, ანა ქე-ის სამნაწილიან პროექტში ძველი ქართული ანბანის ასოები არამხოლოდ ცალკე ინსტალაციად არის წარმოდგენილი, არამედ ინტერიერისა და არქიტექტურის მნიშვნელოვან დეტალებადაც. ნატა სოფრომაძის „საფლავის ყვავილები“, თითქოს პოეზიას და მელანქოლიას ამთლიანებს: რამდენიმე თანაბარი ზომის მინის ნაჭერზე დატანილია სხვადასხვა ფერისა და ფორმის ყვავილები.
ხილვებისა და სიზმრების უშუალო გაგრძელებაა მეორე სართულზე მდებარე, მრგვალ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი დარო სულაკაურის პროექტი „მე ვოცნებობდი, როდესაც ეს დავწერე“ (სიზმარს ვხედავდი)“ – წიგნი და დღიური. აღსანიშნავია, რომ გამოფენა ასევე „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებშია წარმოდგენილი.
ეს არის პანდემიის დროის რამდენიმეთვიანი დღიური. ავტორი, ფოტოგრაფი დარო სულაკაური ერთგვარ ხელნაკეთ წიგნს ქმნის, რომელიც 11-მეტრიან გადაკეცილ ფურცლებად და ინსტალაციად გარდაქმნა. წიგნის თითოეული ნაჭერი უნიკალურია, რადგან ხელმოწერილი და დანომრილია. შეზღუდული ფორმატის დაკეცილ ხელნაწერში აღწრილია და გადმოცემულია ავტორის შეგრძნებებისა და ემოციის სრული დიაპაზონი – მძიმე და დეპრესიული განწყობიდან ექსპესიულ და ცოცხალ შთაბეჭდილებამდე. დარბაზში წარმოდგენილია პანდემიის პერიოდში გადაღებული დაახლოებით 15 ფოტონამუშევარი, რომელიც წიგნში აღწერილი შთაბეჭდილებების ერთგვარი ვიზუალური გაგრძელებაა.
ფრაგმენტი დარო სულაკაურის დღიურიდან:
„როდესაც პანდემიის დროს პირველად გავედი გარეთ, მივხვდი, როგორი სიურრეალისტური გახდა გარე სამყარო ჩემთვის. პირბადიანი ხალხი ტრანსპორტში, დაცარიელებული ქუჩები, დაბნეულობის და ქაოსის შეგრძნება მეუფლებოდა. ველოდებოდი იმ ცხოვრების დაბრუნებას, რომელიც ოდესღაც მქონდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ოჯახის ყველაზე ახლობელ ადამიანს სწორედ ამ საყოველთაო კარანტინის დროს დავკარგავდი.
თითქოს ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი შეგრძნებებიც მასთან ერთად მოკვდა. ჩვეულებრივი დასაფლავების საშუალება კოვიდ-19-ის პირობებში აღარ იყო. პირბადეებით ვიყავით სასაფლაოზე მხოლოდ ჩვენ: ჩემი მშობლები, მამიდა და მესაფლავეები. მომაკვდინებელმა ვირუსმა სიკვდილის სევდა მოიტანა. მიჭირდა იმის გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი, რაღაც უცნობი, სხვა ყველა ემოციისგან განსხვავებული შეგრძნება მქონდა, როგორც უცნაური სიზმარი, რომლის დასიზმრებაც გარდაუვალი იყო; თითქოს ცარიელ სივრცეში და ქუჩებში დავდიოდი, რომლებიც ხალხისა და საგნებისგან იყო დაცლილი.
ასე რომ, ვისაც მძაფრი და მოულოდნელი შეგრძნებებით სავსე არტ-ხეტიალი იზიდავს სიზმარსა და ცხადში, შეუძლია თიბისი კონცეფტის საგამოფენო სივრცეს მიაშუროს, რომელიც პამდემიიდან გამოფხიზლების საშუალებას მოგცემთ.