თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა.
„ჩვენი ახლანდელი კონკრეტული მოთხოვნაა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, რომ აგვიხსნას, კონკრეტული ნაბიჯები რა იგეგმება ირაკლის გასათავისუფლებლად. ვგეგმავთ კანცელარიაში შესვლას და მასთან შეხვედრის მოთხოვნას“, – განაცხადა ირაკლი ბებუას ოჯახის წევრმა, თამუნა ბებუამ.
თამუნა ბებუას თქმით, ბოლო კომუნიკაციის დროს სახელმწიფოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ირაკლი ბებუას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მისი გათავისუფლების შესახებ სიახლე არ არის.
ირაკლი ბებუას დედა შვილის ჯანმრთელობაზე ღელავს. მისი თქმით, ირაკლის ქრონიკული დაავადებები აქვს და ზრუნვა და მეთვალყურეობა სჭირდება.
ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებთან ერთად შეიკრიბნენ აქტივისტები და პოლიტიკური ორგანიზაცია „დროას“ წარმომადგენლებიც.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა“.
ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.