„მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ავტორიტარიზმისთვისაა დამახასიათებელი" - ქარტია კალაძეზე

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ავრცელებს განცხადებას, რომლითაც ეხმაურება თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ კომენტარს.

„თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე“, – ამის შესახებ კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დღეს განაცხადა.

„2021 წლის 29 სექტემბერს თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „რადიკალები”, „უბინძურესი ადამიანები” და „სიძულვილისა და ბოროტების თავი და თავი” უწოდა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს კახა კალაძის განცხადებას და მიიჩნევს, რომ მედიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება დამახასიათებელია ავტორიტარიზმისთვის.

ქარტიას მიაჩნია, რომ აღნიშნული მედიის მიმართ სიძულვილის წახალისებაა, რაც განსაკუთრებით სახიფათოა არჩევნების პერიოდში. აღსანიშნავია, რომ კახა კალაძე ადრეც გამოირჩეოდა აგრესიული რიტორიკით ჟურნალისტების მიმართ, როდესაც მან 2021 წლის 20 ივლისს მედიის საქმიანობა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებებს შეადარა.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ პოლიტიკოსების აგრესიული რიტორიკა საქართველოში ქმნის პოლარიზებულ მედიაგარემოს და უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და პროფესიულ საქმიანობაზე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა და შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და გადავიდნენ საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე“, – ნათქვამია განცხადებაში.