საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო სუს-ის მიერ - გვარამია სავარაუდო ლიკვიდაციის გეგმაზე

პუბლიკა

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეჭვობს, რომ მისი ლიკვიდაციის შესახებ წარმოებული გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროვოცირებულია.

„ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა კონფიდენციალური ინფორმაცია მომაწოდა. გამოვედი ჟურნალისტებთან და არაფერი არ მითქვამს. მათ ეგონათ, რომ ყველაფერს ვიტყოდი და დავზაფრავდი ყველას. ამის შემდეგ დეპარტამენტის პიარის თანამშრომელი ეკითხება ჩვენს ჟურნალისტს, ვაპირებ თუ არა ბრიფინგის ჩატარებას და იღებს პასუხს, რომ არა. ამის შემდეგ მიმართავს და ეუბნება, რომ მაშინ ჩვენ გამოვალთ და გავაკეთებთ განცხადებას. გამოდის ადამიანი და თვითონ ამბობს ყველაფერს, რაც მე არ უნდა მეთქვა.

ახლა, უკვე ეჭვი მეპარება იმაში რომ 1 თვის წინ ჩემთვის მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ. რისი ეჭვი მაშინაც არსებობდა, მაგრამ ახლა საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა.

ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, სხვა ჟურნალისტზე ლაპარაკი, ეს მიზნად ისახავს საზოგადოების, განსაკუთრებით მედია საზოგადოების დაზაფვრას. მე ახლა უკვე ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უკრაინის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.


„მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე“ – თქვა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილე ბაჩა მგელაძემ. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში უწყებაში დაიბარეს ნიკა გვარამია.

„მას [ნიკა გვარამიას] მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მგელაძემ.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიას გარდა, შესაძლოა, „მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“.