თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დავით კეზერაშვილისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიუხედავად, უწყება ტელეკომპანია „ფორმულას“ ქონების დაყადაღებას არ მოითხოვს. სამინისტრო აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური გაწევრების გზაზე და მათ „არც კი დაუშვიათ“ ტელევიზიის წილის დაყადაღება.
„მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება.
მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
დავით კეზერაშვილის საქმე
7 სექტემბერს უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელს 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 30 სექტემბერს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სასამართლოში შეაქვს სარჩელი თავდაცვის უწყების მიმართ დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 060 000 ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა, ორ ინსტანციაში გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.
წაგებული საქმე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში მაშინ გაასაჩივრა, როდესაც გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე იყო.
პროკურატურის მტკიცებით:
„2008 წლის 10 იანვარს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დ.კ.-მ, მასთან დაკავშირებული პირის – მისი მეგობრის ო.შ.-ს და ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის სასარგებლოდ თანხების გაფლანგვის მიზნით, ყოველგვარი საფუძვლისა და კომპანიის შემოწმების გარეშე, გამოსცა ბრძანება ხსენებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
მანვე, სიტყვიერად დაავალა, მასთან დაახლოებულ პირს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის იმჟამინდელ უფროსს ა. ნ.-ს, კომპანიის წარმომადგენელთან ხელშეკრულების უპირობოდ, სასწრაფოდ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, იმავე დღეს გაფორმება.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 5 685 000 ევროს ოდენობით, საიდანაც, დ.კ.-ს დავალებით 5 060 000 ევრო გადაირიცხა კომპანიის ანგარიშზე, ხოლო კომპანიის მხრიდან სანაცვლოდ შესასრულებელი ვალდებულება – სამხედრო წვრთნების ჩატარება – საერთოდ არ განხორციელებულა“.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა დავით კეზერაშვილიც. ის აღნიშნავს, რომ „ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა“.
„უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.
ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი – ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე ან ჩემ მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას. ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში“, – წერს დავით კეზერაშვილი.