ხვალ, 20:05 საათზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ - დუმბაძე

პუბლიკა

პარტია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და ის ხვალ გამოჩნდება.

„მას ელოდება მთელი საქართველო და ჩვენ ხვალ, რვა საათსა და ხუთ წუთზე მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად გამოვაჩენთ. ის არის საქართველოში. ის ამ წუთში, ამ წამებში არის ბათუმში და მან გააკეთა სერიოზული განცხადება, საკუთარი სიტყვა შეასრულა და ახლა სიტყვა ჩვენზეა“, – განაცხადა დუმბაძემ.


დილის 9 საათისთვის ესპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა და აღნიშნა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც არაა საქართველოში ჩაწერილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.