აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ხვალინდელ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა მოუწოდა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

„საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით”, – განმარტა მან.