„გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და თავისი კანდიდატი - კალაძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და სამწუხაროდ, თავისი კანდიდატი“, – თქვა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილზე. მანვე აღნიშნა, რომ ინფორმაცია მესამე პრეზიდენტის ბათუმში ყოფნის შესახებ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის, კანდიდატის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას. ამისთვის მას ძალიან დიდი მადლობა. დაველოდოთ არჩევნებს. ყველაფერი იქნება წყნარად. ვერავინ გააფუჭებდა თავის პარტიას და თავის კანდიდატს ასე, როგორც მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ეს იყო მცდელობა, საზოგადოება შეეყვანათ შეცდომაში, თითქოს მიშა არის ბათუმში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ გადადგმული ნაბიჯით „გააფარჩაკა“ საკუთარი პარტია და, სამწუხაროდ, თავისი კანდიდატი“, – განაცხადა კახა კალაძემ.


დღეს, დილის 9 საათისთვის მიხეილ სააკაშვილმა facebook-ზე დაპოსტა, რომ საქართველოშია. მოგვიანებით მან რამდენიმე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ბათუმშია. მან facebook-პოსტით ასევე მოუწოდა მოსახლეობას, 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან თბილისისკენ დაიძრან არჩევნების შედეგების დასაცავად. მისივე თქმით, თავადაც შეუერთდება ერთ-ერთ კოლონას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში და მისი ვიდეოც არაა საქართველოში ჩაწერილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის ვიდეო სპეციალური ტექნოლოგიითა გადაღებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფება.