მუდმივად ვარ დაკავებული უკრაინის მოქალაქეების დაბრუნებით, ეს სააკაშვილსაც ეხება -ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება. როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და თვითონაც და უკრაინის ყველა ინსტიტუციაც მისი უკრაინაში დაბრუნებას ეცდება.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი მუდმივად ვარ დაკავებული, უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებით. სხვადასხვა ხერხით, რომლებიც მაქვს, რომლებსაც ძალაუფლება მაძლევს.

მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ამით დაკავდება ყველა ინსტიტუცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საელჩო, რომელიც მუშაობს საქართველოში, ასევე ყველა დონეზე – საქართველოს ელჩის, რომელიც უკრაინაში მუშაობს, მინისტრთა კაბინეტების და პრემიერების დონეზე – ჩვენ ყველა ამაზე ვიზრუნებთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.