უარი განვაცხადე უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაზე - სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან

პუბლიკა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართვა მისმა უფლებადამცველმა, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

ამ წერილში სააკაშვილი ამბობს, რომ არ შეწტყვეტს შიმშილობას თუნდაც მისი ჯანმრთელობის ფასად. ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ხალხისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის დაბრუნებაში დასახმარებლად დაბრუნდა.

„მე გამოვაცხადე შიმშილობა. მინდა იცოდეთ, არ შევწყვეტ მას არც ერთ შემთხვევაში, სანამ მე და ჩემ გამო დაკავებული ადამიანები არ გავთავისუფლდებით.

მე ძალიან მიყვარს სიცოცხლე, მაგრამ ეს შიმშილობა იქნება ჩემი სიცოცხლის დასრულებამდე და ყველა შემთხვევაში. თუ ჩემი არსებობით ვეღარ დავეხმარები ჩემს ხალხს, მზად ვარ, ჩემი თავგანწირვით მაინც დავამტკიცო, რომ საქართველოსთვის ღირს სიცოცხლეც და სიკვდილიც და ზუსტად ვიცი, რაზეც მივდივარ. არ მსურდა გული მეტკინა ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის, თუმცა უარი განვაცხადე წინასწარვე ექიმების შემოთავაზებაზე, ჩემ უგონოდ ყოფნის შემთხვევაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამას გწერთ არა ხელის ჩამოსაშვებად, არამედ გასააქტიურებლად“, – წერია სააკაშვილის მიმართვაში.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.