„ადამიანის უფლებათა სახლი“ (HRHT) ლექსო ლაშქარავას სახელობის პრემიას აწესებს. პრემია უფლებადამცველი მედია პროფესიონალებისთვისაა.
HRHT ამბობს, რომ ამით სურს, 5 ივლისის მოვლენებს გამოეხმაუროს და აღნიშნავს, რომ ხშირად ჟურნალისტები უფლებადამცველები ხდებიან, როდესაც უფლებადარღვევებს აშუქებენ, ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, რის გამოც ხშირად ძალადობის, შევიწროებისა და მუქარის მსხვერპლი ხდებიან.
„ლექსოს პრემიის დაწესებით გვსურს გამოვეხმაუროთ საქართველოში ბოლოდროინდელ მოვლენებს, განსაკუთრებით, 5 ივლისს, მედიის თავისუფალი და უფლებადაცვითი საქმიანობის წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას და ძალადობას. პრემიის დაწესებით გვინდა, მხარი დავუჭიროთ თავისუფალი მედია გარემოს არსებობას და განვითარებას საქართველოში“, — ვკითხულობთ „ადამიანის უფლებათა სახლის“ განცხადებაში.
პრემია ორ კატეგორიაში გაიცემა: უფლებადაცვითი რეპორტაჟი და უფლებადაცვითი სტატია. კონკურსში მონაწილეობა 18+ ასაკის ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და სხვა მედიაპროფესიონალებს შეეძლებათ.
თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულს ფულადი ჯილდო – 2 000 ლარი გადაეცემა. საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 ოქტომბერია. კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე.
„TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.