ბათუმში სადარბაზოს ნგრევისა და სამაშველო ღონისძიების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა მედიას შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც ადგილზე იმყოფება და პროცესებს თვალ-ყურს ადევნებს.
ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ჯერჯერობით 5 ადამიანია დაღუპული ნგრევის შედეგად, ეძებენ 3 ადამიანს.
„ხედავთ, თითოეულ აგურზე ვმუშაობთ ხელით, თუ შეიძლება ვინმე ცოცხალი იყოს და არ დავაზიანებთ. ამ სამ ადამიანს რომ ვიპოვით, იქიდან შეიძლება უფრო გახშირდეს მუშაობის რიტმი, ტექნიკა შევა და იქნება გაწმენდითი სამუშაოები“, – აცხადებს გომელაური.
მისი თქმით, პასუხისგებაში მიეცა ბინის მეპატრონე და სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი 2 ადამიანი და მათ ბრალეულობას სასამართლო დაადგენს.
შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შესაძლოა, გაიზარდოს დასაკავებელ პირთა რიცხვი. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას.
მინისტრისვე ინფორმაციით, ჯერ არ გამოკითხულან ბათუმის მერიის თანამშრომლები.
მედიასთან ბათუმის მერიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ შიდა სარემონტო სამუშაოებს სპეციალური ნებართვა არ სჭირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ვერსიით, ბათუმში კორპუსში ნგრევა ერთ-ერთ ბინაში სარემონტო სამუშაოებმა გამოიწვია.