„იმ პირობებში, როდესაც გვაქვს ორი მილიონი ვაქცინა, როდესაც გვაქვს ვაქცინაციის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა, ცენტრები, ავტობუსები, ბინაზე ვაქცინის შეთავაზება და ამ პირობებში მხოლოდ 7-8 ათასი აცრა გვექნება დღეში, ეს იქნება ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგის მომტანი. ვერანაირი შეზღუდვა ვერ აგვაცილებს თავიდან შემდგომ მძიმე ტალღებს, საუბარი არ არის მხოლოდ მეხუთე ტალღაზე“,- აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
„როგორც ჩანს, კოვიდი კიდევ დიდხანს დარჩება. მთელ მსოფლიოში გულის ტკივილით და შურით ვუყურებ იმათ, ვინც მოახერხა 2/3-ზე მეტის ორჯერადად აცრა. ეს ისე ძალიან არ მოქმედებს შემთხვევების შემცირებაზე, როგორც სიკვდილობის შემცირებაზე. ზოგიერთ ქვეყანამ სამჯერადადაც კი აცრა. საქართველოში სიკვიდილობა შევამცირეთ 30-მდე, რაც ჩვენთვის მაინც ბევრია. ჩვენ, რომ გვქონდეს ვაქცინაციის ის დონე, რაც აქვს ევროპის ყველა ქვეყანას, ამერიკას, აზიის განვითარებულ ქვეყნებს, ჩვენთან სიკვდილობა დღეში 5-6-ზე მეტი არ იქნებოდა. ერთ მხრივ თითქოს მოსახლეობა შეწუხებულია იმით, რომ ვერ ხერხდება გარდაცვალების კიდევ უფრო დაბალ რიცხვზე დაყვანა, მეორე მხრივ ჩვენი მოსახლეობა არაფერს აკეთებს, რომ გარდაცვალების შემთხვევები შემცირდეს ხუთჯერ მაინც. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ დღეში 30-40 ათასი ვაქცინა გაკეთდეს“, – განუცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებს.
ბოლო 24 საათში აიცრა 3 442 ადამიანი.
11 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 874 845 აცრა;
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.2 %;
სრულად ვაქცინირებულია 874 060 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 30.6 %