ადვოკატის თქმით, შიმშილობის გამო სააკაშვილს გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს

პუბლიკა

„შიმშილობა უკვე შედის ძალიან რთულ ფაზაში და ამის შედეგებს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით უკვე არის პრობლემები. ასევე, მისი განცხადებით, ფეხები დაუსივდა მიშას. როდესაც ის საუბრობს, მისი საუბრის მოტორიკა, მისი მოძრაობა, მისი გადაადგილება უკვე მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა“, -ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას შემდეგ, რაც საპყრობილეში სააკაშვილი მოინახულა.

„მიშა არის ძალიან მხნედ, მაგრამ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უფრო და უფრო მეტად გამოიწვევს“, – აცხადებს ადვოკატი. მისივე თქმით, აუცილებელია, სააკაშვილის პირად ექიმს მისი მონახულების საშუალება მიეცეს.

მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.