გიორგი თაბაგარი და სხვა დაკავებულები გაათავისუფლეს - Tbilisi Pride

პუბლიკა

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ გიორგი თაბაგრი და სხვა დაკავებულები გაათავისუფლეს.

„აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით. აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა ამ ჯგუფის წევრების აქტიურ დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს გეი ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტების და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია“, – აცხადებს „თბილისი პრაიდი“.


დაახლოებით, 2 საათის წინ თბილისში, ბარ „საქსესთან“ 3 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ დაკევბა მოხდა ადმინსტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 – ე (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე. სამინისტროს პრესსამსახურში მეტ დეტალზე არ საუბრობენ.

„პუბლიკას“ ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ დაკავებისას პოლიციამ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალაც გამოიყენა. Facebook-ზე გავრცელებულ Live-ჩართვაში ჩანდა შეხლა-შემოხლა მოქალაქეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის.

„გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება“, – წერდა Facebook-ზე აქტივისტი ანა სუბელიანი.