თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა

პუბლიკა

თბილისში გვიან ღამით მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. „ინტერპრესნიუსისა“ და პირველი არხის ინფორმაციით, ამ წუთებში სამართალდამცველები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში იმყოფებიან.

როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სავარაუდოდ, მიმდინარეობს ბერიძის დაკითხვა. სადარბაზოს, სადაც ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცხოვრობს, პოლიცია აკონტროლებს. საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, დღეს დილით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება.

მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას მოითხოვდა. მათ შორის მიმდინარეობდა დავა.

ნატალია შატალოვა მედიაში ერთი წლის წინ გამოჩნდა. მან პირველად პირად პრობლემებზე „ნანუკას შოუში“ ისაუბრა. 2020 წლის 23 სექტემბრით დათარიღებულ გადაცემაში ნატალია შატალოვა ჰყვებოდა, რომ ზურაბ ბერიძე 2018 წელს გაიცნო თბილისში.

„მითხრა, რომ არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და იყო მარტოხელა. არ ვიცოდი, რომ ჰყავდა ოჯახი და მეუღლე. მითხრა, რომ შვილები გაუჩინა ქალმა, რომელთანაც მხოლოდ ჯვარი ჰქონდა დაწერილი და ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ.“ – ჰყვებოდა ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში ანასტასია შატალოვა.

მისი თქმით, ბერიძემ ის საცხოვრებლად გადაიყვანა ბათუმში. მათი ურთიერთობა საჯარო იყო. ერთხელ კი გაიგო, რომ ჰყავდა შვილები და ასევე სოციალურ ქსელში ნახა ფოტოები, რომლებზეც ის სხვა ქალთან ერთად იყო. „ამის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა აირია“, – ჰყვება ანასტასია შატალოვა.

ანასტასია შატალოვა ამბობდა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცდილობდა მის დისკრედიტაციას და სწორედ ამიტომ ბეჭდის მოპარვა დააბრალა. კორონავირუსის პანდემიისას კი, კომენდატის საათის დროს ჩვილთან ერთად სახლიდან გააგდო. ის ამბობდა, რომ ბერიძე მუდმივად ავიწროებდა და ძალადობდა მასზე.

მისი თქმით, ერთ დღეს მან მოტყუებით წაიყვანა ბავშვი და აღარ უბრუნებდა. ბერიძემ მიმართა პოლიციას და გამოაწერინა შემაკავებელი ორდერი დედაზე, რომელსაც მხოლოდ მესამე პირის მონაწილეობით შეეძლო შვილის ნახვა. ამის შემდეგ შატალოვამ შვილის დასაბრუნებლად სასამართლოს მიმართა.

როგორ წარიმართა სასამართლო პროცესი, დაიბრუნა თუ არა შვილი, ამ თემაზე უკანასკნელი სიახლეების დასაზუსტებლად მის ადვოკატთან დაკავშირება ვცადეთ. ბიბილაშვილი მედიასთან ამ მომენტამდე კომენტარს არ აკეთებს. აღსანიშნავია, რომ ბერიძე ყველაფერს, რასაც ნატალია შატალოვა ამბობდა, უარყოფდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და, ჯერჯერობით, საქმეზე არავინ დაუკავებიათ.