სუსი „შეთქმულების საქმეზე“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასა და ჩანაწერებზე.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მიღებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფი ახორციელებდა შეთქმულებას ხელისუფლების დასამხობად. გამოძიების ფარგლებში დაუყონებლივ გატარდა სათანადო ზომები და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილი, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილად ჩაითვალა, გუშინ იხილა საზოგადოებამ.

გუშინ გავრცელებულ ჩანაწერში ნათლად გამოჩნდა თუ როგორ საუბრობდნენ ცალკეული პირები დესტრუქციული ძალების მობილიზებაზე, ავტომანქანებით გზების ჩახერგვაზე, სახელმწიფო უწყებების ბლოკირებასა და შტურმზე და უფრო მეტიც, იმაზე, რომ სასურველი შედეგის მიღწევა სისხლის დაღვრის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ მოვახდინეთ საზოგადოებისათვის მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოპოვებული  მტკიცებულებების მიწოდება, რაც აგრეთვე მიზნად ისახავდა პრევენციული ღონისძიებების გატარებას და მოსახლეობის ინფორმირებას კონკრეტული ჯგუფის რეალური მიზნების თაობაზე, რათა მოქალაქეებმა ნებსით თუ უნებლიედ მონაწილობა არ მიიღონ ქმედებაში, რომელიც წარმოადგენს დანაშაულს და მიმართულია საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი სამართლებრივი წესრიგის წინააღმდეგ, “- ნათქვამია სუსი განცხადებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.


გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმებოდა მიხეილ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანისთვის ხელშეშლა და დაიწყო გამოძიება ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე.

სუს-ის ჩანაწერების ფიგურანტი ბესო წერედიანი აცხადებს, რომ სუს-ის ჩანაწერებისთვის არ უსმენია და ავთენტურობას ვერ ადასტურებს, თუმცა ჟურნალისტმა როდესაც სუს-ის ჩანაწერის პერიფრაზი გააკეთა, მან დაადასტურა და თქვა, რომ ამას ყოველდღე წერს Facebook-ზე.

მისივე თქმით, მას დაურეკა გამომძიებელმა და გამოკითხვაზე დაიბარა, თუმცა უარი თქვა. წერედიანი აცხადებს, რომ დათანხმდა გამოკითხვას მაგისტრ მოსამართლესთან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ თავადაც აპირებდა, ხელი შეეშალა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის გლდანის ციხის კლინიკაში გადაყვანის პროცესისთვის.

“მაშინ საჯაროდ ვაცხადებ, რომ მეც ვაპირებდი პრეზიდენტის გლდანის ციხეში გადაყვანის ფიზიკურად ხელშეშლას და შეგიძლიათ მეც დამაკავოთ, თქვენს მიერ გამოგონილი ამ საბაბით.” – განაცხადა ბარამიძემ.