პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, დღევანდელ ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა და განმარტა, რომ რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკების საფუძველზე ჩამოყალიბდება.
„რაც შეეხება შედეგების შეჯამებას, „ქართულმა ოცნებამ“ მერის არჩევნები მოიგო 64-დან 63 მუნიციპალიტეტში, რითაც ჩვენ გავაუმჯობესეთ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგი. ჩვენს პარტიას მყარი უმრავლესობა აქვს თითქმის ყველა მუნიციპალურ საკრებულოში. რამდენიმე საკრებულოში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე წარმატებით დაიწყო. ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43%-იან ბარიერს უკავშირებდნენ.
როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47% მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩეველთა ხმების 55% მივიღეთ. მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები მოიგო ყველა ასპექტში. ჩვენ, პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც გასულ 1 წელიწადში გამოვიარეთ“, – განაცხადა კობახიძემ.