„ექსპლუატაციის სპეციფიკური ფორმა“ | ქალთა მოძრაობა კოორდინატორი ქალების უფლებებზე

პუბლიკა

ქალთა მოძრაობა არჩევნებში პარტიულ კოორდინატორებად ჩართული ქალების შრომითი და სხვა უფლებების დარღვევის ფაქტებს ეხმაურება. ქალთა მოძრაობის წევრებმა ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართეს და განცხადებაც გაავრცელეს.

როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ხშირად, ქალებს სიღარიბის გამო უწევთ დასთანხმდნენ პარტიის კოორდინატორობას. ამ სამუშაოს შესრულებისას, ზოგჯერ, მათ აიძულებენ ისეთ უკანონო საქმიანობაში მონაწილეობას, როგორიცაა ხმის სანაცვლოდ ფულის დარიგება, ზეწოლა/მუქარა და სხვა.

მათი შეფასებით, პარტიების მიერ ქალების მსგავს საქმიანობაში ჩართვა წარმოადგენს ქალის მიმართ გენდერული ძალადობისა და ექსპლუატაციის სპეციფიკურ ფორმასა და ადამიანის უფლებათა დარღვევას, რამაც განსაკუთრებულად ფართო მასშტაბი შეიძინა ბოლო რამდენიმე არჩევნებზე.

„ეს ქმედებები უნდა იკრძალდებოდეს შრომის, ანტიდისკრიმინაციული და, სადაც საჭიროა, სისხლის სამართლის კანონმდებლობით და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს შესაბამისი პრევენციის მექანიზმები. ამასთანავე, წნეხის განხორციელებით, ან პირის მდგომარეობის (მაგ. მძიმე ფინანსური მდგომარეობის) გამოყენებით მისი უკანონო საქმიანობაში ჩართვა, შესაძლოა წარმოადგენდეს გენდერული ნიშნით ექსპლუატაციის სფეციფიკურ ფორმას (forced criminality), იმ შემთხვევაშიც, თუ პირს ამაზე თანხმობა ტექნიკურად აქვს გამოხატული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ზოგადად, პარტიული კულტურა გაჯერებულია გენდერული სტერეოტიპებით. პოლიტიკურ პარტიებში ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილნი გადაწყვტილების მიმღებ პოზიციებზე და მათი ჩართულობა, ძირითადად, იერარქიულად ყველაზე დაბალ დონეზე მონაწილეობაში გამოიხატება. ამის ნათელი მაგალითია პარტიული კოორდინატორები, რომლებიც ძირითადად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ქალები არიან და დიდ ნაწილს არ აქვს პოლიტიკურ პარტიასთან იდეოლოგიური ბმა.

მიგვაჩნია, რომ ქალთა ჩართულობა ამ პოზიციაზე პოლიტიკური მონაწილეობა კი არა, მათი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და ინსტრუმენტალიზაციაა.

რეგიონებში სიღარიბის, განსაკუთრებით ქალთა სიღარიბის მაღალი დონის გათვალისწინებით, ბევრ ქალს უწევს დათანხმდეს ამ საქმიანობას საკმაოდ მწირი გასამრჯელოს სანაცვლოდ. ზოგ შემთხვევაში, რეგიონში გარკვეული ავტორიტეტის მქონე ქალებს (მაგალითად სკოლა/ბაღის მასწავლებლებს) პარტია თავად უკავშირდება და სთავაზობს კოორდინატორობას გარკვეული შეღავათების ან პრივილეგიების სანაცვლოდ.

ხშირად, სახელმწიფო სსიპ-ში დასაქმებული ქალები სამსახურის დაკარგვის შიშის გამო თანხმდებიან ამ სამუშაოს, რის გამოც ის იძულებითი შრომის ხასიათს იძენს. არის შემთხვევები, როცა პარტიისთვის, გარკვეული შეღავათის სანაცვლოდ, მხარდამჭერთა სიები პრობაციონერის დედას ან ნათესავ ქალს მიაქვს.

ცხადია, არსებობენ კოორდინატორები, რომლებიც სააგიტაციო სამუშოს პოლიტიკური შეხედულებების გამო ასრულებენ და პარტიას აძლიერებენ. კოორდინატორებს ძირითადად ევალებათ კარდაკარ სიარული, აგიტაცია, ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, პარტიული დაპირებების გაცემა, ზოგჯერ, პერსონალურ ინფორმაციის შეგროვებაც კი.

პარალელურად, პარტიის მიერ გაცემული სხვა მითითების შესრულებაც ევალებათ, მაგალითად, პარტიული აქციისთვის ხალხის მობილიზება, მიყვანა ან კონკურენტი პარტიის შეხვედრებზე დასწრება ხელის შეშლის მიზნით. მოვალების შესრულებისას კოორდინატორები, ზოგჯერ ხდებიან სიტყვიერი შეურაცხყოფის, უფრო იშვიათად, კი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები.

მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი მეტ შესწავლას საჭიროებს. უშუალოდ კენჭისყრის დღეს, კოორდინატორებს ევალებათ ზუსტად აღრიცხონ მათსავე სიებში მყოფი ადამიანების გამოცხადება საარჩევნო უბანში; სწორედ ამიტომ ვხედავთ მათ სიებით ხელში. თუ სიიდან ვინმე არ გამოცხადდა, ხდება ამომრჩევლის მიყვანის ორგანიზებაც. ამომრჩევლის ნებაზე ამგვარი ზემოქმედების გარდა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კოორდინატორები ჩართულნი არიან ისეთ უკანონო საქმიანობაში, როგორიცაა მოსყიდვა – ფულის გადაცემა ხმის მიცემის შემდეგ, მუქარა და სხვა“, – ნათქვამია ქალთა  მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალთა მოძრაობას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხები საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს:

– სამართალდამცავმა უწყებებმა გამოიძიონ კოორდინატორ ქალების მიმართ ჩაადენილი შესაძლო დანაშაულები, როგორიცაა იძულება, ფსიქოლოგიური ძალადობა, მუქარა, შანტაჟი და სხვა ღირსების შემლახველი ქმედებები და გამოძიების დროს გაითვალისწინოს დანაშაულის გენდერული ასპექტი;

– პარლამენტი შეუერთდეს შსო-ს 190-ე კონვენციას და მის თანმხლებ #206 რეკომენდაციას „ძალადობის და შევიწროების“ შესახებ და უზრუნველყოს მათი ღირსეული შრომის პირობები და შევიწროებისა და ძალადობისგან თავისუფალი გარემო;

პოლიტიკურ პარტიებს:

– კოორდინატორებთან გააფორმონ შრომითი ხელშეკრულებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
– აღკვეთონ კოორდინატორებისათვის უკანონო დავალებების მიცემა და შეწყვიტონ მათი შრომითი ექსპლუატაცია;