მიიღოს სააკაშვილმა მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში - დეგნანი

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი  მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში. დეგნანმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც სამედიცინო გუნდმა, კონსილიუმმა განაცხადა, მას სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა და ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ ეს საჭირო სამედიცინო დახმარება მიიღოს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ სააკაშვილმა მიიღოს ის საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში.

ასევე ჩვენ მოვუწოდებთ მიხილ სააკაშვილს, რომ მიიღოს თავისი ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს ამ რეკომენდაციებს. ცხადია ეს არის ძალიან სენსიტიური და ემოციური სიტუაცია და ამ შემთხვევაში პრიორიტეტია, რომ პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ასე რომ, ჩვენი მტკიცე რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება, რომ მოხდეს მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება.

ასევე, მნიშვნელოვანია, მას მოეპყრან სამართლიანად და ღირსებით საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან ყველგან, ნებისმიერ ქვეყანაში, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და მოვალეობა, იზრუნოს პატიმრების მდგომარეობასა და მათ დაცვაზე, ნებისმიერი სახის ზეწოლისა და ძალადობისგან“, – აცხადებს დეგნანი.