„ელისაშვილს გარე სამყაროსთან კავშირი შეზღუდული აქვს“ - ადვოკატები გენერალურ პროკურორს მიმართავენ

პუბლიკა

ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძეს წერილობით მიმართეს და მოითხოვეს, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიეცეს შესაძლებლობა, ისარგებლოს იმავე უფლებებით, რომლებითაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრები სარგებლობენ.

ადვოკატების განცხადებით, მათ ცოტა ხნის წინ ჩაიბარეს დადგენილება, რომლის თანახმადაც, ელისაშვილს კვლავ ეზღუდება ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეხვედრის უფლება. უფლებადამცველები აღნიშნულ შეზღუდვებს უკანონოდ და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ის „ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ დევნას”.

ადვოკატების ინფორმაციით, მომხდარიდან ერთი წლის გასვლის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებას ოჯახის საკუთრებაში არსებული ტექნიკა ამ დრომდე არ დაუბრუნებია, მიუხედავად იმისა, რომ „განაჩენი დამდგარია და ტექნიკა დამატებით შესწავლას არ საჭიროებს”.

„მას გარე სამყაროსთან კავშირი აქვს შეზღუდული, რაც ჩვენ ეს გავასაჩივრეთ სასამართლოში. გენერალურ პროკურორსაც მივმართავთ, გაერკვეს ამ საკითხში, დაასრულოს ის უკანონობა, რაც მსჯავრდებულის მიმართ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდება. 

მას ჩამორთმეული აქვს ის ელემენტარული უფლებები, რაც ყველა პატიმრისთვის გარანტირებულია, რომ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან. ასევე უკვე ერთი წელი გავიდა მომხდარი ამბიდან, რაც გამოძიების მხრიდან ამოღებული იყო სხვადასხვა ნივთი, კერძო საკუთრებაში არსებული კომპიუტერები, ტელეფონები, რაც ეკუთვნოდა მსჯავრდებული ელისაშვილის ოჯახის წევრებს და დღემდე, ეს ნივთები დაბრუნებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ დაადგინა, რომ ამ ნივთებს არანაირი კავშირი გამოსაძიებელ საქმესთან და კონკრეტულ მსჯავრდების საქმესთან არ აქვს.

ჩვენ ვთხოვთ გენერალურ პროკურორს, რომ გაერკვეს ამ საკითხში, მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში, კერძო მესაკუთრეები ვერ სარგებლობენ თავიანთი საკუთრებით ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გენერალურმა პროკურორმა შეისწავლოს ეს საკითხი და მიიღოს სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მედიასთან ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატ გიორგი რეხვიაშვილის თქმით, შეზღუდვების მიზანი ელისაშვილის დასჯაა მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ამ საქმეში „მდინარაძის ფაქტორიც არის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი”.