სტრასბურგმა სოფელ მოხეში მუსლიმი თემის უფლების დარღვევა აღიარა, – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ დაარღვა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლები, რაც გულისხმობს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვას.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ მოხის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2016 წელს მიმართა. საქმე ეხებოდა სოფელ მოხეში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) მშვიდობიანი შეკრების მონაწილე 4 მუსლიმი პირის მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, რომელიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გახდა სათანადო და რეალური გამოძიების საგანი. „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” სასამართლოსგან ითხოვდა განმცხადებლების მიმართ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება), მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) და მე-13 (უფლება სამართლებრივი დაცვის ეფექტიან საშუალებებზე) მუხლების დარღვევის დადგენას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟს ადგილობრივი მუსლიმები აპროტესტებდნენ. სპონტანურად შეკრებილ მუსლიმ თემს პოლიცია დაუპირისპირდა, დააკავა 14 ადამიანი და ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. დაკავებული 4 პირი აცხადებდა, რომ პოლიციამ მათ წინააღმდეგ განსაკუთრებით სასტიკი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა. შეკრების ადგილზე დაკავებისას ცემის გარდა, აღნიშნული პირები პოლიციის განყოფილებაში ფსიქოლოგიური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ, ერთ-ერთი მათგანის მიმართ კი სასტიკი ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. აგრეთვე, საპოლიციო ღონისძიების ყველა ეტაპზე დაფიქსირდა შსს-ს თანამშრომლების მიერ რელიგიური ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები.
რა დაადგინა სასამართლომ?
სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების არგუმენტები ეხება არა მხოლოდ უშუალოდ დაკავების პროცესს, არამედ პოლიციის განყოფილებაში ყოფნის პროცესსაც, როდესაც მათ წინააღმდეგ პოლიცია ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, მათ შორის ადგილი ჰქონდა რელიგიურად მოტივირებულ შეურაცხყოფებს, ასევე პირველი განმცხადებლის მიმართ სასტიკი ფიზიკური ძალადობის ფაქტს, რაც სხვა განმცხადებლების მიმართაც დამაშინებელ გარემოს ქმნიდა.
სასამართომ განმარტა, რომ კონვენციის მესამე მუხლი მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ ასევე ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც და პირველი განმცხადებლის, თეიმურაზ მიქელაძის ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა დაადგინა. სასამართლომ თ. მიქელაძესთან მიმართებით მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ განმარტა საიდან მომდინარეობდა ის ფიზიკური დაზიანებები, რაც წარმოდგენილ მტკიცებულებებში ჩანდა და ვერ დაამტკიცა რომ მის წინააღმდეგ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. აქედან გამომდინარე სასამართლომ პირველ განმცხადებელთან მიმართებაში მესამე მუხლის არსებითი (მატერიალური) დარღვევაც დაადგინა. თუმცა სასამართლომ მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად, რომ მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევის შემთხვევაშიც დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი პირველ აპლიკანტთან მიმართებაში.
სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელისუფლებამ დისკრიმინაციულ მოტივებზე დაყრდნობით არ გამოიძია განმცხადებლების მიმართ არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების ბრალდებები კუმულატიურად წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის (ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების) დარღვევას დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევასთან ერთად.
ამით იგივე ფაქტებზე დაყრდნობთ განმცხადებლები დაობდნენ, რომ დაირღვა კონვენციის მე-8, მე-11 და მე-13 მუხლები, თუმცა სასამართლომ ამ მუხლებთან მიმართებაში იგივე ფაქტობრივი გარემოებების განხილვა აღარ ჩათვალა საჭიროდ, რადგან საკმარისად მიიჩნა მე-3 მუხლთან მიმართებაში შესაბამის სამართლებრივ კითხვებზე პასუხის გაცემა.
სასამართლომ სახელმწიფოს ფულადი კომპენსაციის გადახდა დააკისრა ოთხივე განმცხადებელთან მიმართებაში.
გადაწყვეტილების მნიშვნელობა
მოხის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო წლებში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პრაქტიკებს უკავშირდება და ვფიქრობთ, რომ მას, ისევე როგორც, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლია მოახდინოს მუსლიმი თემისა და სხვა რელიგიური ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.