დღეს, ხუთშაბათს, 30 აპრილს, პლენარულ სესიაზე სტრასბურგში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას მხარი 446-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა 63, ხოლო 52-მა თავი შეიკავა.
მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუციით მოთხოვნილია რომელიც რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბება „რაც შეიძლება მალე და სრულყოფილად“.
რეზოლუცია „უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის უწყვეტი თავდასხმების საპასუხოდ ანგარიშვალდებულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ ხაზს უსვამს, რომ ევროპარლამენტი „მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას, რათა ევროკავშირი მისი მმართველი კომიტეტის სრულუფლებიანი წევრი გახდეს“.
ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეუერთდნენ აღნიშნულ შეთანხმებას.
ვროპარლამენტარები ასევე მიესალმებიან ნიდერლანდების მზაობას, უმასპინძლოს სპეციალური ტრიბუნალის საწყის ფაზას და მოითხოვენ ძალისხმევის გაძლიერებას მეორე ფაზის მასპინძლობის შესახებ წინადადების დასასრულებლად.
„ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, განაგრძონ უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერა და მისი რაც შეიძლება მალე ამოქმედება.
ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ყველას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, გააკონტროლოს ან წარმართოს აგრესიის დანაშაული, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას […]. ასეთი პასუხისმგებლობა ასევე უნდა შეეხოს რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და სახელმწიფო დუმის წევრებს, რომელთა გადაწყვეტილებებმაც უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ავტორიზაცია მოახდინა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე განსაზღვრა ის ეტაპები, რომლებიც უნდა გაიარონ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის სრულფასოვან ამოქმედებამდე.
მოსალოდნელია, რომ 14-15 მაისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინაუში ევროპის საბჭო გადადგამს შემდეგ ნაბიჯს სპეციალური ტრიბუნალის ამოქმედებისკენ და გააფორმებს შეთანხმებას მისი მმართველი კომიტეტის შესახებ.
ცოტა ხნის წინ საბერძნეთმა და ჩეხეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან, შეუერთდნენ რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას. ახლა ტრიბუნალის შექმნას მხარს უჭერს 33 ქვეყანა.
ტრიბუნალის ჩამოყალიბების შესახებ საუბარი 2022 წელსვე დაიწყო, ძირითადი ჯგუფი კი 2023 წელს შეიკრიბა.
პირველი ქვეყნები, რომლებმაც ოფიციალურად დაუჭირეს მხარი სპეციალური ტრიბუნალის შექმნის იდეას და ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფი, იყვნენ:
- უკრაინა – მთავარი ინიციატორი;
- ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი – ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ პირველები, ვინც საერთაშორისო დონეზე ამის მკაფიო მოთხოვნა დააყენეს.
- გაერთიანებული სამეფო;
- პოლონეთი.
2023 წლის ივლისში ჰააგაში გაიხსნა „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნის საერთაშორისო ცენტრი“ (ICPA), რაც ტრიბუნალის შექმნისკენ გადადგმული პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო.
უკრაინა იმედოვნებდა, რომ ტრიბუნალი 2026 წლის ბოლომდე ამოქმედდებოდა, თუმცა ნიდერლანდის მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა არიენ აიჰტერლინდემ განაცხადა, რომ ტრიბუნალის „ძირითადი ბირთვი“ ჰააგაში მხოლოდ 2028 წლის პირველ ნახევარში გამოჩნდება.