თბილისის ვოკალისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსის შედეგები
ახლახან დასრულებული თბილისის ვოკალისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსი OPERA CROWN, ბევრ საყურადღებო საკითხს შეეხება. პირველ რიგში, ესაა საერთაშორისო კონკურსის მაღალ დონეზე ჩატარება, ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერლების წახალისება კონკურსზე დაწესებული პრემიებით (სულ გაიცემა სამი პრემია და ერთი სპეციალური პრიზი) და კონკურსის მასშტაბითა თუ მასში მონაწილე მომღერალთა დონით თბილისის, როგორც საოპერო ტრადიციების ქალაქის წარმოჩენა.
ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში, რომელიც 2018 წელს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის დიდი ძალისხმევით დაარსდა (ის პირველ კონკურსზეც და წელსაც ჟიურის თავმჯდომარე იყო), ორ წელიწადში ერთხელ იმართება. თუმცა გასულ წელს კორონავირუსის გამო არ ჩატარებულა და ორგანიზატორებმა ის 2021 წლის ნოემბრისთვის გადმოიტანეს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მომღერლებს 21-დან 32 წლამდე, რომელთა კარიერაში კონკურსს მაინც აქვს დიდი მნიშვნელობა და რომლებიც პროფესიულ კარიერას საოპერო სცენას უკავშირებენ. კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდა და ნიჭიერი მომღერლების აღმოჩენას და მათ ხელშეწყობას საერთაშორისო მასშტაბით. OPERA CROWN ასევე შესანიშნავი საშუალებაა ახალგაზრდა მომღერლებმა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობა ცნობილი საოპერო თეატრების დირექტორებისა და კასტინგმენეჯერების წინაშე წარადგინონ.
სხვათა შორის, ჟიურის შემადგენლობაში მსოფლიოში ცნობილი საოპერო თეატრების წარმომადგენლები, დირექტორები და საოპერო მენეჯერები შედიან. მაგალითად, წლევანდელ კონკურსს აფასებდნენ სახელოვანი მექსიკელი ტენორი ფრანსისკო არაისა, TACT INTERNACIONAL ART-MANAGEMENT-ის წარმომადგენელი ალექს გრიგორევი, ციურიხის ოპერის დირექტორი ანეტ ვებერი, გალინა ვიშნევსკაიას სახელობის საოპერო ცენტრის დირექტორი ოლგა როსტროპოვიჩი, საოპერო სააგენტო Sono Artists-ის დირექტორი სამანტა ფარბერი, სააგენტო Atelier Musicale Internacional-ის პროდიუსერი ვირჯინიო ფიდელი, ტურინის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სებასტიან შვარცი, პარიზის ნაციონალური ოპერის სამხატვრო ხელმღძვანელი კრისტიან შირმი.
წინასწარი შერჩევის შემდეგ, კონკურსში სულ მონაწილეობდა 50 მომღერალი 18 ქვეყნიდან, რომელთაგან დასკვნით ეტაპზე, მესამე ტურში 14 მონაწილე გადავიდა. მათ შორის რვა ქართველი მომღერალია – ირინა შერაზადიშვილი (მეცო-სოპრანო), ოთარ შიშინაშვილი (ბარიტონი), გიორგი მანოშვილი (ბანი), გიორგი სტურუა (ტენორი), ზაზა გაგუა (ბანი), კონსტანტინე ყიფიანი (ტენორი), ლაშა სესიტაშვილი (ბარიტონი) და მარიამ ბარათაშვილი (მეცო-სოპრანო). უცხოელთა ექვსეული დასკვნით ტურში ასე გამოიყურება: აქსელ დავეიანი (ბარიტონი, სომხეთი), ტიგრან მელქონიანი (ტენორი, სომხეთი), სპენსერ ბრიტენი (ტენორი, კანადა), დამირ სადუხასოვი (ყაზახეთი, ტენორი), იულია ზასიმოვა (უკრაინა), ალექსეი კულაგინი (ბანი, რუსეთი).
ჟიურის გადაწყვეტილებით პირველი პრემია (10 ათასი დოლარი) წილად ხვდა ალექსეი კულაგინს, რომელმაც ფინალურ ტურში შეასრულა ბანკოს არია ვერდის „მაკბეტიდან“ და დონ ბაზილიოს პოპულარული la calunnia („ჭორი“). ოდნავ მოსაწყენი, ჩვეულებრივი, მაგრამ მუსიკალური და „სწორი“ ვოკალი – ასე შეიძლება დავახასიათოთ რუსი ბანი, რომლის ბაზილიოს ბევრად სჯობდა, მაგალითად, ზაზა გაგუას მჟღერი და სავსე ხმა. დონ ბაზილიოს იგივე არია მან გაცილებით უკეთ შეასრულა; პლუს მეფისტოფელის არია არიგო ბოიტოს „მეფისტოფელიდან“, რომელიც საოპერო სცენებზე ძალიან იშვიათად სრულდება.
მეორე პრემია (7 ათასი დოლარი) გადაეცა ქართველ ტენორს კონსტანტინე ყიფიანს, რომლის შესრულებულ ჰიტს nessun dorma-ს (პუჩინის „ტურანდოტი“) ისეთი მქუხარე ტაში მოჰყვა, რომ მომღერალი იძულებული გახდა სცენაზე მეორედ გამოსულიყო. ეს კონკურსის დროს აკრძალულია… აღსანიშნავია, რომ მან მეორე საკონკურსო არია ასევე პუჩინის ოპერიდან („მადამ ბატერფლაი“) იმღერა, როგორც საკონკურსო ტაქტიკის თვალსაზრისით, ისე ფსიქოლოგიურად შეცდომა იყო. ყოველ შემთხვევაში, ამგვარმა ერთფეროვნებამ ჟიურის წევრებზე ალბათ გავლენა მოახდინა.
მესამე პრემია (5 ათასი დოლარი) გადაეცა აქსელ დავეიანს, რომლის შესრულებითაც პუბლიკამ მოისმინა ვალენტინის არია გუნოს „ფაუსტიდან“ და ეციოს არია ვერდის ოპერიდან „ატილა“. წამახალისებელი პრემია და ერთწლიანი კონტრაქტი თბილისის ოპერასთან დაიმსახურა უკრაინელმა სოპრანომ იულია ზასიმოვამ, რომლის შესრულებითაც ლუჩიას არია დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმურიდან“ უფრო ჩვეულებრივი იყო, ვიდრე გამორჩეული…
მაგალითად, ირინა შერაზადიშვილის ორივე არია – ლეონორა დონიცეტის „ფავორიტი ქალიდან“ და პრინცესა დე ბუიონი ფრანჩესკო ჩილეას „ადრიანა ლეკუვრერიდან“, ბევრად საინტერესო და ვოკალური თვალსაზრისითაც გამორჩეული იყო. თუმცა ჟიურის, როგორც ჩანს, თავისი სტრატეგია ჰქონდა, რომელიც პრემიების განაწილებისას პოლიტკორექტულობას უფრო გულისხმობდა, ვიდრე წმინდა ვოკალურ თუ არტისტულ შეფასებას.
რაც მთავარია, პრემიები ძმურად და პროპორციულად გადანაწილდა ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებზე. ისე რომ, ჟიურიმ არც მასპინძლები გაანაწყენა (თუმცა ბოლომდე ვინ უწყის) და სტუმრებსაც პატივი მიაგო. მესამე საერთაშორისო კონკურსი ორი წლის შემდეგ, 2023 წელს გაიმართება და იმედია, ჯანსაღ და უკვე კორონაგარდასულ თბილისში ბევრად მეტი ახალგაზრდა მომღერალი ჩამოვა უცხოეთიდან.