20 ნოემბერს ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა, ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტიის – „კონსერვატიული მოძრაობის“ სადამფუძნებლო ყრილობა გამართა.
პარტიის ყრილობის შემდეგ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დეპუტატების მხრიდან გაკეთდა კომენტარი, რომ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო რეესტრი პარტიის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარტიის გაუქმების მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიხედვით კი, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის უფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს (30 დეპუტატს) ან საქართველოს მთავრობას.
რა საფუძველი უნდა არსებობდეს პარტიის გაუქმებისთვის; შესაძლებელია თუ არა, მათ შორის, წარსულში გაკეთებული განცხადებები და მოქმედებები დაედოს საფუძვლად ამას; სამართლებრივად შესაძლებელია თუ არა, რომ პარტიის ცალკეული წევრების განცხადებები განზოგადდეს პარტიის პოზიციად და შეიქმნება თუ არა პარტიის გაუქმებით საშიში პრეცედენტი – „პუბლიკა“ კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს ესაუბრა.
საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ეტაპი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების“ შესახებ კანონის მიხედვით, პარტიის დამფუძნებელი ყრილობიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის სააგენტოს წარედგინება სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის – პარტიის წესდება, პარტიის არანაკლებ 1000 წევრის ხელმოწერა და სხვა.
ამ ეტაპზე განმცხადებელმა უნდა დააკმაყოფილოს როგორც ტექნიკური სახის მოთხოვნები – სრულყოფილი დოკუმენტაცია, ასევე წესდებით გათვალისწინებული პარტიის მიზნები, უნდა შეესაბამებოდეს კანონისა და კონსტიტუციურ მოთხოვნებს.
ვახტანგ ხმალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რაიმე არ არის წესდებაში ისეთი, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას ან კანონს, რეესტრი ვალდებულია, დაარეგისტრიროს პარტია.
„პუბლიკამ“ მოიპოვა ყრილობაზე მიღებული წესდება. პარტიის მიზნებზე დოკუმენტში აღნიშნულია:
ა) დამოუკიდებელი, სოციალური, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ქრისტიანულ-დემოკრატიული და კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბება;
ბ) ქრისტიანობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული სტატუსის განმტკიცება ქართულ კანონმდებლობაში;
გ) ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირება და საკანონმდებლო ორგანოს დაკომპლექტების ახალი წესი, სრული მაჟორიტარული სისტემით და ვადამდე უკან გამოწვევის მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების რეალურად ხალხის ხელში გადასვლას;
ე) ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.
ე) კულტურული და ეკონომიკური სტაბილურობა, ახალი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება;
ვ) მედიისა და განათლების სფეროში გარე ჩარევის აკრძალვა და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული სტრუქტურების საქმიანობის საკანონმდებლო დონეზე კონტროლი;
ზ) სამხედრო მოსამსახურეებისა და სამართალდამცავი პირების პრივილეგირება/შეღავათების დაწესება სამართლიანი იერარქიის გათვალისწინებით;
თ) ქრისტიანული დემოკრატიის დამკვიდრება საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით.
აღნიშნული ფორმალური ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ „კონსერვატიული მოძრაობა“ დააკმაყოფილებს პარტიად რეგისტრაციის მოთხოვნებს, მათ შორის, სხვა ტექნიკურ ვალდებულებებსაც.
ერთია, რა წერია წესდებაში კანონის მოთხოვნათა ფორმალური შესრულებისთვის და მეორეა, როგორი იქნება მათი მოქმედებები პრაქტიკაში. ხმალაძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია, ჯერჯერობით, არ არის იურიდიულად რეგისტრირებული, უშუალოდ პარტიის მოქმედებაზე ვერაფერს ვიტყვით.
საჩივრის საფუძვლები პარტიად რეგისტრაციის შემდეგ
„ალტ-ინფოს“ გუნდის წევრების ადრინდელი განცხადებების, ასევე, „5 ივლისის მოვლენებისას“ ძალადობრივი მოწოდებების გამო, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მათი მთელი რიგი მოქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა რელევანტური საფუძველია თუ არა წარსულში გაკეთებული განცხადებები და მოქმედებები შემდგომში დაფუძნებული პარტიის გაუქმებისთვის, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ აღნიშნული, სამართლებრივად, პარტიის პოზიციად არ შეიძლება შეფასდეს.
„განვიხილოთ მაგალითი: დღეს არსებობს რომელიღაც კონკრეტული პარტია და მისმა წევრმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული ან შეიძლება განაცხადოს ისეთი რამ, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთივეა პარტიის პოზიცია. ამიტომ პარტიის ცალკეული წევრის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ვერ გავრცელდება პარტიაზე. მე ვამბობ იურიდიული თვალსაზრისით.
რასაკვირველია, ადამიანებს, რომლებიც უყურებენ ამას, შეუძლიათ, გააკეთონ დასკვნა პარტიის საქმიანობის შესახებ და ჩამოუყალიბდეთ თავიანთი შეხედულება ამ პარტიის რაობაზე, მისი ცალკეული წევრების მოქმედებაზე დაყრდნობით, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, პარტიის ცალკეული წევრების მოქმედება ვერ გახდება პარტიის მიმართ სანქციის გამოყენების საფუძველი“, – განმარტავს ხმალაძე.
შესაბამისად, რაც შეეხება „ალტ-ინფოს”, ხმალაძის თქმით, თუ ფორმალური პირობები შესრულდება, ის რეესტრმა უნდა დაარეგისტრიროს. დარეგისტრირების შემდეგ კი, ამ პარტიის და მისი ხელმძღვანელი პირების მოქმედები და განცხადებები (კანონის თანახმად, პარტიის სახელით მოქმედების (მათ შორის, ფიზიკური მოქმედება და განცხადებები) უფლება აქვთ წესდებაში აღნიშნულ პირებს – პირველ რიგში ეს არის პარტიის თავმჯდომარე, ასევე, ეს უფლება სხვა პირებსაც შეიძლება ჰქონდეთ), შეიძლება იყოს განხილული, როგორც პარტიის მოქმედება. თუ ამაში გამოჩნდება არაკონსტიტუციური მოქმედება, მაშინ შესაძლებელი იქნება, უკვე დაისვას პარტიის აკრძალვის საკითხი.
„რა საფუძვლებია ეს – კანონმდებლობის მიხედვით თუ პარტიის მიზანია: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას (ნებისმიერი ძალადობის), აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს – აი, თუ ეს ნიშნები გამოჩნდა, მაშინ გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი პარტიის აკრძალვისა.
თუ პარტია აკეთებს ასეთ განცხადებებს, მოწოდებას ძალადობისკენ; თუ ამას აკეთებს სოციალური ქსელით, ან მიტინგებზე; თუ ეწევა პროპაგანდას იმისას, რომ ასეთი და ასეთი კატეგორიის ადამიანთა ჯგუფი უნდა მოიკვეთოს საზოგადოებისგან, რომ მათ არ უნდა მიეცეს ამისა და ამის უფლება, ეს უკვე ძალადობაა; როცა მე ვამბობ, რომ თქვენ უნდა აგეკრძალოთ, მაგალითად, მასწავლებლობა, ესეც ძალადობაა, რადგან თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ საქმიანობას ეწეოდეთ, რომელიც კანონით არ არის აკრძალული. ასეთ შემთხვევაში უკვე ჩნდება სამართლებრივი საფუძველი ასეთი პარტიის საქმიანობის აკრძალვისთვის“, – ამბობს ხმალაძე.
შეკითხვაზე, პრორუსული განცხადებები შესაძლოა თუ არა, რომ გამოყენებული იყოს მათსავე წინააღმდეგ, გამომდინარე ჩვენი კონსტიტუციური ჩანაწერისა – [კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად]. ხმალაძე განმარტავს:
„საგარეო კურსი ასეთი უნდა იყოს და ისეთი; ან ასეთი შეიძლება და ისეთი არა – ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში ვერ იქნება, რადგან ამით შეიზღუდება ხალხის სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს კურსი“, – ამბობს ის.
მისივე თქმით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია მხოლოდ იმ საფუძვლებზე დაყრდნობით, რაც კონსტიტუციაში კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით წერია.
იქნება თუ არა პარტიის გაუქმება საშიში პრეცედენტი
სოციალურ ქსელში საკითხის ირგვლივ მსჯელობისას მოქალაქეთა ნაწილი გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმების შემთხვევაში შეიქმნება საშიში პრეცედენტი, რომელიც შემდგომში შესაძლოა, პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ სხვა პარტიების მიმართ.
ხმალაძეს კი საწინააღმდეგო არგუმენტი აქვს – თუ იარსებებს კონსტიტუციური საფუძველი პარტიის აკრძალვისა და საკონსტიტუციო სასამართლომ არ აკრძალა ის, სწორედ ეს იქნება სახიფათო პრეცედენტი და არა პირიქით.
„მოქმედებას, რომელიც აკრძალულია კონსტიტუციით, აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად კონსტიტუციის შესრულებისა და მისი დაცვის პრობლემა დადგება.
თუ მაინც არ აღსრულდა ის, რასაც კონსტიტუცია მოითხოვს, შექმნის იმ სახიფათო პრეცედენტს, რომ სხვასაც შეიძლება თავში აზრად მოუვიდეს აკრძალული მოქმედება და მოლოდინი არ იქნება იმისა, რომ ამის გამო დასჯიან.
პარტიის საქმიანობის აკრძალვაზე წერია, რომ ამაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო და არა საერთო სასამართლოები. …საკონსტიტუციომ უნდა გააკეთოს სწორი სამართლებრივი შეფასება მოქმედებისა და, აქედან გამომდინარე, უნდა მიიღოს გადაწყვეტილება… თუ ამის კონსტიტუციური საფუძველი იქნება, რასაკვირველია, უნდა აიკრძალოს ნებისმიერი სხვა პარტიის საქმიანობაც“, – ამბობს ხმალაძე.