მოვუწოდებ ინსპექტორს, დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს, სოციალურ ქსელში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს ეხმაურება.

სააკაშვილი წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და ლონდა თოლორაიას არსებობის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც უწყება მისი გლდანის ციხეში გადაყვანის გამოძიებაში ჩაერთო. მან ინსპექტორის წარმომადგენლებს პროფესიონალები უწოდა და მიმდინარე გამოძიებას ნდობა გამოუცხადა.

სააკაშვილი წერს, რომ ხელისუფლებას სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მომზადებული დასკვნის ეშინია, რადგან თუ ეს დასკვნა სააკაშვილის მიმართ დარღვევებს დაადასტურებს, ის ვარაუდობს, რომ ეს გამოიწვევს მის უპირობო გათავისუფლებას და ადამიანის უფლებათა სასამართლოს დროებით ღონისძიებას.

„მე სრულ ნდობას ვუცხადებ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებას და მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც მის გაუქმებას აუწევს ხელს, არის მტერი ქართული სახელმწიფოებრიობის, ვინც ბოლო ობიექტურ სახელმწიფო ინსტიტუტს ანგრევს. მინდოდა სასამართლოში დღეს მისვლა და ამის თქმა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს შესაძლებლობას. მაგრამ მე მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, ამოიღოს ხმა.

გარდა ამისა, მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მათ დახურვამდე მოასწრონ და გამოაქვეყნონ წინასწარი გამოძიების შედეგები და ასევე, ჩემი გლდანში გადაყვანის სრული ჩანაწერი, რომლის განადგურების ბრძანებაც გასცა სუსმა, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბოლო მომენტში მისი ამოღება მაინც შეძლო. ეს ის ფირია, რომლის ყველაზე „არაძალადობრივი” მომენტები გაუშვა ხელისუფლებამ.

მე მინდა, მივმართო ყველა სახელმწიფო მოხელეს, აიღოს მაგალითი ლონდა თოლორაიასგან და მისი თანამშრომლებისგან და თუ აქტიური წინააღმდეგობისთვის არ არიან მზად, აშკარა სიცრუეზე და სიყალბეზე მაინც არ მოაწერონ ხელი. სიტუაცია მაინც სწრაფად შეიცვლება და შეეცადეთ, თავიდან აირიდოთ ის შარი, რომელშიც ყაჩაღთა ბანდა გხვევთ!“, – წერს სააკაშვილი.