პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგში განსახილველი საკითხების სიაშია ინსპექტორის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიციირებული კანონპროექტი. სხდომას ესწრებიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც.
GDI-ის წარმომადგენლის, ედუარდ მარიკაშვილის შეფასებას კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრთა უკმაყოფილება მოჰყვა. ედუარდ მარიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის წევრებს უთხრა, რომ ისინი წარმოადგენენ ავტორიტარიზმს და მოსახლეობამ უნდა იცოდეს მათი სახელი.
„პრინციპების დონეზე ეს კანონპროექტი მიუღებელია. ის არღვევს კონსტიტუციურ პრინციპს. ამ კანონპროექტის მიღებით ირღვევა წონასწორობა. თქვენ ვერაფერი შეგაჩერებთ, რომ პოლიტიკური გავლენა გაავრცელოთ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე. მე ვგულისხმობ თქვენს პოლიტიკურ სიჩქარეს. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ, არის ის, რომ დაგარქვათ სახელი, დავარქვათ თქვენს გადაწყვეტილებებს სახელი, რომ ეს სახელი შემდგომ გამოჩნდეს საერთაშორისო დონეზე და რომ მოსახლეობამ დაინახოს, რა გქვიათ – თქვენ ყველანი ხართ ავტორიტარიზმის წარმომადგენლები“. – განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
ამ შეფასებას კომიტეტზე მოჰყვა ხმაური. ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდეს ედუარდ მარიკაშვილს, დაეტოვებინა კომიტეტი და გამოერთო მიკროფონი.
მიკროფონის გამორთვას მარიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარეც მოუწოდებდა.
„თითი ჩაწიე და ჭკვიანად იყავი, ნუ ბლატაობ.“ – უთხრა მარიკაშვილს ალუდა ღუდუშაურმა.
„თქვენ ვერ დაასრულებთ, გამოთიშეთ მიკროფონი.“ – უთხრა მარიკაშვილს სარჯველაძემ.
„მე თქვენობით გესაუბრებით, რა ვთქვი ისეთი, რატომაც არ მასრულებინებთ. მე მაქვს უფლება, დავასრულო ჩემი სათქმელი. არ გაინტერესებთ ჩემი აზრი?“ – ჩაეკითხა მარიკაშვილი სარჯველაძეს, რომელმაც უთხრა, რომ საუბრის გაგრძელების შემთხვევაში ის იძულებული გახცებოდა, შეეჩერებინა სხდომა და მოეთხოვა მანდატურებისთვის წესრიგის დამყარება.
უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კი კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწოდა, მარიკაშვილი სხდომიდან გაეთრია. „გამოურთე, გაათრიე აქედან.“ – მიმართა გურამ მაჭარაშვილმა.